საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე “მეტრონომთან” საუბრისას ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ეკატერინე ტიკარაძის დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მას 2012 წლიდან იცნობს და ეკატერინე ტიკარაძეს თავის წილი აქვს შეტანილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებაში.
“მე ახალ ჯანდაცვის მინისტრზე მქონდა ინფორმაცია და ძალიან კარგადაც ვიცნობ მას. ის არის ჯანდაცვის სპეციალისტი, განათლება მიღებული აქვს უცხოეთში – ავსტრიაში, გერმანიაში. 2013 წელს, როდესაც ჩვენ ბატონ დავით სერგეენკოსთან ერთად ვმუშაობდით, გუნდთან ერთად, მაშინ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახლდით, ვმუშაობდი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე და ეკატერინე ტიკარაძესაც თავისი წილი აქტივობა ქონდა. ჯანდაცვის ახალ მინისტრს ვიცნობ 2012 წლის შემდეგ”, – განაცხადა ხუნდაძემ.
დეპუტატის განცხადებით, არავის არავინ გაუშვია და გადაწყვეტილებაში მთავარი როლი ეკუთვნოდა მინისტრ დავით სერგეენკოს.
“ჩვენ გვქონდა შიდა გუნდური კონსულტაციები. ჩემთვის ეს უცხო არ ყოფილა. მეტსაც გეტყვით, რომ თავად დავით სერგეენკოსაც არაერთხელ ქონდა მიდგომა, რომ მიუხედავად მისი მინისტრობის პერიოდში არსებული წარმატებისა, სასურველი იქნებოდა ახალი სისხლი შემოგვეტანა. მე, პირადად, მქონდა სერგეენკოსთან საუბარი. არაერთხელ შევეცადე მის დარწმუნებას, რომ ეს ნაადრევი იყო. როგორც ჩანს, პრემიერთანაც თანხვედრა იყო და გუნდშიც. ასე, რომ არავის არავინ გაუშვია. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ერთად მოხდა გადაწყვეტილების მიღება და გადაწყვეტილებაში მთავარი როლი ეკუთვნოდა მინისტრ დავით სერგეენკოს”, – აცხადებს ხუნდაძე.
პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალი მინისტრი წარადგინა – დღეიდან უწყებას დავით სერგეენკოს ნაცვლად ეკატერინე ტიკარაძე უხელმძღვანელებს.