ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

90 მილიონი ევროდან ძირითადი რესურსი დაიხარჯება სკოლების რეაბილიტაციისთვის – ბატიაშვილი

მსოფლიო ბანკსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებით გამოყოფილი 90 მილიონი ევროდან, ძირითადი ნაწილი სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა.

„მსოფლიო ბანკი იყო ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი პარტნიორი განათლების რეფორმის დაწყების დღიდან. 90 მილიონი ევროდან ძირითადი რესურსი დაიხარჯება სკოლების რეაბილიტაციისთვის, რადგან მოგეხსენებათ ძალიან ბევრი სკოლა საჭიროებს ინფრასტრუქტურის განახლებას როგორც შიდა ნაწილის, ასევე გარე პერიმეტრის და ეს ყველაფერი მიმართული იქნება აქეთკენ. მნიშვნელოვანი კვირა იყო, გერმანიასთან მოვაწერეთ ხელი 22 მილიონი ევროს განათლების სისტემაში ინვესტირებას და ეს ყველაფერი მიანიშნებს იმისკენ, რომ ნაბიჯები, რომელსაც ვდგამთ და გადავდგამთ განათლების რეფორმისთვის მხარდაჭერილია ასეთი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან.

ასევე, გარდა სკოლების რეაბილიტაციისა, თანამშრომლობა განსაზღვრულია უმაღლესი განათლების სფეროში და სკოლამდელ განათლებაში, ანუ ფაქტობრივად მთელს სისტემას მოიცავს, თუმცა ძირითადი რესურსი მიმართული იქნება სკოლების რეაბილიტაციისკენ“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, მერსი ტემბონმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ხელი მოაწერეს სასესხო ხელშეკრულებას 90 მილიონი ევროს ოდენობით.

მსოფლიო ბანკში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები საქართველოში განათლების რეფორმაში მნიშვნელოვან სიახლეა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მომზადებას 21-ე საუკუნის შრომითი ბაზრისა და ეკონომიკისთვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდება პედაგოგიკაში და სასწავლო პროცესში ინკლუზიური პრინციპების დანერგვაზე, ხარისხსა და ინოვაციებზე სკოლამდელ, საშუალო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც სარგებელს მოუტანს თითოეულ მოქალაქეს.

პროექტის უშუალო ბენეფიციარებს არიან როგორც სახელმწიფო, მოსწავლეები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები, სკოლის პედაგოგები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

იტვირთბა....