„თბილისი პრაიდის” გამართვასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ლგბტ ორგანიზაციებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.
როგორც სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთდა შეთავაზება, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან, მაგრამ გადაწყვეტილება “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები მიიღებენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთდა შეთავაზება, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უკვე მიიღებენ თემის წარმომადგენლები, რადგან მათ ალბათ უნდა გაიარონ კონსულტაციები შიგნით ორგანიზაციებში. შეხვედრაზე იყო ასევე საუბარი სხვადასხვა პრობლემებსა და საკითხებზე, რაც აწუხებს ლგბტ თემს, მათ შორის, მათი მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდეს ამ ვითარების შესაფასებლად და ასევე, ისაუბრეს გარკვეულ რეკომენდაციებზე, რაც სურთ, რომ ხელისუფლებამ გაატაროს მათი უფლებების დასაცავად.
ამ თემს თავისუფალი შეკრების შესაძლებლობა ქვეყანაში არ აქვს, ეს არის ფაქტი და რეალურად ის, რომ ისინი შეიკრიბონ, თუნდაც ათასი პოლიციის კორდონით გარშემორტყმულნი, არ ცვლის ვითარებას, ფაქტი ფაქტად რჩება. დღემდე პრობლემად რჩება მათი თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლება, თუმცა გარკვეული ლოგიკაც არსებობს იმაში, რომ შეიძლება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე გარკვეული საკითხები იქნეს გათვალისწინებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ამ ადამიანების გადასაწყვეტი, გამართავენ თუ არა ამ ტიპის მარშს და მსვლელობას”,-განუცხადა ჟურნალისტებს ლომჯარიამ.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილეებსა და პრაიდის ორგანიზატორებს შორის შეხვედრა შედგა. მხარეების მიწვევით შეხვედრაზე იმყოფებოდა სხალხო დამცველი.