ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ყველა სტუდენტს მოვუწოდებ, დამიდგნენ გვერდში ამ სიბოროტის აღმოსაფხვრელად – მალხაზ მაჩალიკაშვილმა სტუდენტებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა

მალხაზ მაჩალიკაშვილი საზოგადოებრივ კოლეჯ „კავკასიონს” ესტუმრა, სადაც მისი შვილი, თემირლანი სწავლობდა.

„მე და ჩემი მეუღლე ხშირად მოვდიოდით და ვეკონტაქტებოდით კოლეჯის ადმინისტრაციას, თუ როგორ იყო თემირლანი. ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვიყავით. თემირლანმა ეს კოლეჯი დაამთავრა და ქართულიც აქ ისწავლა. დღეს, ვიდრე აქ მოვიდოდი, ვერ ვიფიქრებდი, რომ ჩემთვის ეს ნაბიჯი ასეთი გაუსაძლისად მტკივნეული აღმოჩნდებოდა. ამ ტკივილისა და თემირლანის ასეთ მხეცურდახვრეტას არავის ვაპატიებ.

აქედან მინდა მივმართო სტუდენტებს, ახალგაზრდობას – რაც გამაჩნდა ყველაფერი დავკარგე. თემირლანის პატივსაცემად ვეცდები, არ ვიცი რამდენად გრძელი იქნება ჩემი სიცოცხლე, მთელი ჩემი ცხოვრება ვეცდები, ახალგაზრდებს ჰქონდეთ ნათელი მომავალი. ყველა სტუდენტს მოვუწოდებ, დამიდგნენ გვერდში ამ სიბოროტის აღმოსაფხვრელად, რაც იქნა ჩადენილი მთელი საქართველოს წინაშე თემირლანის მკვლელობით. ყველა სტუდენტს მინდა ვუთხრა მადლობა“,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

მაჩალიკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, კომისიის შექმნა არსებული სისტემის ნგრევას გამოიწვევს.

“მეოთხე დღეა ვაგროვებთ ხელმოწერებს. სამი თვე გაგრძელდება მისი შეგროვება და მინდა 100 ათასობით კი არა, 300 ათასობით შეგროვდეს. რის შედეგადაც დარწმუნებული ვიქნები, რომ შექმნიან პარლამეტში საგამოძიებო კომისიას. კომისია თუ შეიქმნა, დარწმუნებული ვარ, დღევანდელი ბოროტი სისტემა ჩამოიშლება, რადგან სასტიკი დანაშაული ჩაიდინა ჩემი ოჯახისა და საქართველოს მიმართ. სახელმწიფომ ისეთი დანაშაული ჩაიდინა, რომ სათავეში ყოფნის უფლება არ აქვთ. მძინარე ბავშვი მოკლეს თავის სახლში, მშობლების თვალწინ, როცა მსოფლიოს მასშტაბით აუხსნელი დამნაშავეც რომ არის, მისი მოკვლაც აკრძალულია. რა იარლიყი მიაწებეს თემირლანს, ამასაც ხედავთ. შემდგომ რა ჯოჯოხეთში მომიწია ყოფნა, ამასაც ხედავთ. ეს ყველაფერი ერთად აღებული გაუსაძლისია და დიდი ბოროტებაა.

თემირლანი ამ კოლეჯში სწავლობდა აქ აიღო დიპლომი, რითიც იყო ძალიან კმაყოფილი. ზუსტად იმ დიპლომით, რომელიც თემირლანის საძინებელში იდო, მკვლელობის მერე, სწორედ ამ დიპლომით გაიგეს იმ მხეცებმა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს. იქამდე არ იცოდნენ, ვის ესროლეს. შემდეგ სისხლში დაუვარდათ ის დიპლომი. ივანიშვილის ბოროტ სისტემას ამ დიპლომს თავზე დავახევ და ხელისუფლებას თავზე დავამხობ. რა შესაძლებლობაც მაქვს, იმის ერთი პროცენტიც არ გამომიყენებია ჯერ. ან იტყვიან სახელმწიფო იყო დამნაშავე თემირლანის წინაშე ან ის გიორგობიანი, ის გველი თვითონ იტყვის რომ დიახ, მე გამოვაცხადე თემირლანი ტერორიზმში ეჭვმიტანილად. ეს არ ყოფილა ასე, თემირლანი არ იყო ეჭვმიტანილი. ამას თუ არ გამოაცხადებენ, ამათ ეს ხელისუფლება თავზე დაემხობთ ამის გარანტიას ბოროტ სისტემას ვაძლევ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, ჯამში 100 000 ხელმოწერის შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, მთელი ზაფხულის განმავლობაში აპირებენ.

იტვირთბა....