ახალი ამბები მთავარი სამართალი

ქარტია მოუწოდებს შსს-ს უზრუნველყოს აქციაზე მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოება

ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტია ეხმიანება კანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტების მიმართ გამოხატულ აგრესიას და მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ დაიცვას მათი უსაფრთხოება.

“როგორც მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციებით ირკვევა, ჰომოფობიური აქციის მონაწილეები მუშაობაში ხელს უშლიან და ემუქრებიან ჟურნალისტებს, რომლებიც კანცელარიასთან მიმდინარე მოვლენებს აშუქებენ.

ინციდენტები შეემთხვათ გამოცემების: ნეტგაზეთის, ლიბერალის, რადიო თავისუფლების, აჭარის ტელევიზიის, TV პირველისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტებს.

“ნეტგაზეთის” ცნობით, ჰომოფობიური აქციის მონაწილემ ტელეფონი წაართვა „ნეტგაზეთის“ რეპორტიორს, გიორგი დიასამიძეს და ძირს დააგდო. გიორგი დიასამიძის თქმით, ამ პროცესს თვალს ადევნებდა პოლიცია, თუმცა რეაქცია არ ჰქონია.

„დაგალეწო, გინდა, ეგ ტელეფონი?“… „შენ დამახსოვრებული მყავხარ“, – ამ სიტყვებით ემუქრებოდნენ კანცელარიასთან კონტრაქციის მონაწილეები “ლიბერალის” რედაქტორს, ლიკა ზაკაშვილსა და გამოცემის კიდევ ერთ ჟურნალისტს. გამოცემის ცნობით, ინციდენტის შემდეგ პოლიციამ აქციის ეს მონაწილე დააკავა.

“რა სულელი ყოფილხარ” – ასე მიმართა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტს ნინო ხოზრევანიძეს, მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რატომ მივიდნენ აქციაზე, რადგან მათ მისვლას დაპირისპირება მოჰყვა.

კონტრაქციის მონაწილეებმა ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს რადიო თავისუფლების ჟურნალისტს თორნიკე მანდარიას, სამართალდამცველებმა კი მას დაცვის ნაცვლად ტერიტორიის დატოვება ურჩიეს: “ხომ ხედავთ, ყველაფერი აღიზიანებთ [იგულისხმება კონტრაქციის მონაწილეები]”.

ჰომოფობიური აქციის ერთ-ერთი მონაწილე კი ხელით შეეხო ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტს, როდესაც ის აქციას აშუქებდა. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ კონტრაქციის მონაწილეები “რუსთავი 2-ის” გადამღებ ჯგუფსაც.

მთავრობის კანცელარიასთან თბილისი პრაიდის ორგანიზატორებისა და მოქალაქეების აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც გავრცელდა საპატრიარქოს წერილი, რომლითაც მან ხელისუფლებას მოუწოდა არ დაუშვას თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარება. აქციის მონაწილეების მისვლამდე კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია ულტრამემარჯვენე ძალებმა დაიკავეს. აქციის დაწყებიდან ამ დრომდე ჟურნალისტებს რთულ პირობებში უწევთ მუშაობა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და უზრუნველყოს, რომ მედიის წარმომადგენლებმა პროფესიული მოვალეობა დაუბრკოლებლად შეასრულონ. ასევე, ქარტია მოითხოვს ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებს სამართლებრივი რეაგირება მოჰყვეს”, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

იტვირთბა....