სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა 2019 წელსაც ისევე, როგორც 2017 და 2018 წელს, პრაქტიკულად, ქაღალდზე რჩება – განაცხადა “ევროპული საქართველოს წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ბრიფინგზე.
„საყოველთაო გაჭირვებასა და უმუშევრობაში, როდესაც ბოლო 6 წლის განმავლობაში წამლებზე ფასები 60%-ითაა გაზრდილი, აუცილებელი იყო, მთავრობას ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საზოგადოების ყველაზე დაუცველ ასიათასობით მოქალაქეს მედიკამენტების პროგრამით დახმარებოდა. სამწუხაროდ, მედიკამენტების პროგრამა 2019 წელსაც ისევე, როგორც 2017 და 2018 წელს, პრაქტიკულად, ქაღალდზე რჩება. სარგებელს ასიათასობით ადამიანი ელოდება, ჯანდაცვის სამინისტრომ კი განვლილ ხუთნახევარ თვეში პროგრამაზე გამოყოფილი 20 მლნ ლარიდან 1 მლნ ლარის ათვისებაც კი ვერ მოახერხა.” – აცხადებს ჭიაბერაშვილი.
მისი თქმით, ათიათასობით მოქალაქისთვის ჯანდაცვაზე წვდომა გაუარესდა.
“მედიკამენტების გაძვირებამ ათიათასობით მოქალაქისთვის გააუარესა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა. 2017 წელს მსოფლიო ბანკის კვლევამ აჩვენა, რომ გაიზარდა იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც ჯანდაცვაზე ფინანსურად დაუძლეველი, კატასტროფული დანახარჯი დაუდგათ. ეს ოჯახები ამას მედიკამენტებზე დახარჯული თანხების ზრდას უკავშირებენ”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200,000 მოქალაქის ნაცვლად მხოლოდ 32 669 პირმა ისარგებლა.
„პროგრამის ამოქმედებამდე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საზოგადოებას ჰპირდებოდა, რომ ქრონიკული დაავადებების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით 200,000 მოქალაქე ისარგებლებდა. სინამდვილეში, 2017-2018 წლებში პროგრამით 32 669 პირმა ისარგებლა”, – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.