2019 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლისა და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო რაოდენობა თვეში 918.4 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე 1.1 მილიონი ვიზიტი განახორციელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტების რაოდენობა 11.9 პროცენტით აღემატება 2018 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემებს.
2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო რაოდენობა თვეში 470.8 ათასით განისაზღვრა, რაც 11.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
2019 წლის პირველ კვარტალში ვიზიტორების 37.6 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 53.4 პროცენტს შეადგენდა.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 28.3 პროცენტი თბილისის მაცხოვრებელია, 16.8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 12.8 პროცენტი – აჭარაზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.
2019 წლის პირველ კვარტალში ვიზიტების უმრავლესობა (55.1 პროცენტი) განხორციელდა მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით.
ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა თბილისში (საშუალოდ 298.8 ათასი ვიზიტი თვეში) და იმერეთის რეგიონში (საშუალოდ 213.6 ათასი ვიზიტი თვეში).
2019 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო ხარჯების მოცულობა თვეში განისაზღვრა 121.7 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 1.1 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირებულია 11.9 ლარით და 110.5 ლარს უტოლდება.