არ გვყოლია მთავრობა ჩვენ. ერთს რომ ურეკავენ, არ მცალია, არ მცალიაო, რას აკეთებს ვერ გავიგე – განაცხადა ისრაელიდან დეპორტირებულმა ერთ-ერთმა პირმა.
„ოჯახის გულისთვის ვართ გასული, რომ ორი კაპიკი ვიშოვოთ, ეს ერთი და მეორე – კარების დანგრევა, შემოცვენა, არაადამიანურად მოპყრობა? ბიჭები დაღლილები არიან. კაი ბიჭი აიტანს ცემას, მაგრამ ქალები და გოგოები მაგას ვერ უძლებენ. არ არის ეგ ადამიანური მოპყრობა, როგორც ეგენი გვექცევიან და ხანდახან, რომ ვეკითხებით რატომ ხდება ასე, გვპასუხობენ – არ გვაინტერესებს, მოგაქციოთ თქვენმა მთავრობამ ყურადღებაო. არ გვყოლია მთავრობა ჩვენ. ერთს რომ ურეკავენ, არ მცალია, არ მცალიაო, რას აკეთებს ვერ გავიგე, ციხეში თუ ადამიანს ყურადღება არ მიაქცია, რომ თავის დროზე სახლში წამოვიდეს.” – განაცხადა მან.
საქართველოს დეპორტირებული მოქალაქეების ნაწილი, თელავივიდან დღეს დილით, სპეცრეისით ჩამოფრინდა. ისინი დაკავების შემდეგ არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობენ და საქართველოს საკონსულოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ საბუთები მოწესრიგებული არ ჰქონდათ.
საკონსულოს განცხადებით, სადეპორტაციო ცენტრი, სადაც საქართველოს მოქალაქეები არიან მოთავსებულები, საბაზისო სტანდარტებს შეესაბამება.
საგარეო სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეთა სადეპორტაციო ცენტრში გადაყვანის მიზეზები ქვეყანაში ყოფნის დარღვეული ვადები, ყალბი დოკუმენტების გამოყენება და ისრაელში უკანონოდ შესვლის ფაქტები იყო.