აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დილის ცხრა საათზე აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ქვემდებარე უწყებას – დასაქმების სააგენტოს მოულოდნელად ესტუმრა. ამ დროს თორნიკე რიჟვაძეს სამსახურში მხოლოდ ორი თანამშრომელი დახვდა. სამსახურში არც სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე იმყოფებოდა. როგორც მან სატელეფონო საუბარში “ბათუმელებს” განუცხადა, თორნიკე რიჟვაძის სააგენტოში ვიზიტის შესახებ არაფერი იცის.
„ვერ დაგიდასტურებთ. ასე რომ ყოფილიყო, მეცოდინებოდა… არა, ვერ დაგიდასტურებთ, არ ვიცი. მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა მქონდა, მაგრამ არა სააგენტოში, სხვაგან, საქმიან გარემოში“, – განაცხადა თემურ კახიძემ, რომელიც მომხდარს კატეგორიულად არ უარყოფს.
აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, თორნიკე რიჟვაძე სააგენტოში ნამდვილად იმყოფებოდა.