ახალი ამბები მთავარი სამართალი

სიძულვილის ენასთან დაკავშირებული ქართული კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროპულ კანონმდებლობასთან – ბექაური

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურმა, დღეს, პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე გამართულ შეხვედრაზე სიძულვილის ენის პრობლემის საკითხს შეეხო.

როგორც ბექაურმა, ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კუთხით ქართული კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან შეუსაბამოა.

“„ეს არის საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული, მაგრამ სცდება საარჩევნო პერიოდსაც. საქმე ეხება სიძულვილის ენის საკითხის პრობლემას, რომელიც არ არის მხოლოდ საარჩევნო პერიოდის საკითხი. დღეს პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ქართული კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროპულ კანონმდებლობასთან. სიძულვილის ენის საკითხი ჩვენს კანონმდებლობაში რეგულირდება თვითრეგულირებით, ანუ არის თვითრეგულირებაში და არა რეგულირებაში. ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებით, ანუ საარჩევნო პროცესის გარეთაც, ვალდებულება გვაქვს ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების, მათ შორის სიძულვილის ენის პრობლემის კუთხით“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

როგორც ბექაურმა აღნიშნა,  მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი კანონპროექტი წინადადების სახით, ჯერ კიდევ 2018 წელს მომზდდა, ის ამ დრომდე არ გარდაქმნილა ინიციატივად, რაც მისი მოსაზრებით, პრობლემაა, რადგან “აღნიშნული ვალდებულების შესრულებას ასოცირების შეთანხმება გვავალდებულებს 2019 წლის პირველ ივლისამდე. ანუ სავარაუდოდ, ვეღარ ესწრება ამის მიღება და აღნიშნულ ვადას დავარღვევთ, რაც ცუდია. ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზება სავალდებულო ნორმაა“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დღეს არსებული ნორმაც შეაფასა.

„დღევანდელი ნორმა რაც არის, საოცრებაა და არავის სჯერა. დღეს არის ასე  – სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და ბავშვებზე მავნე ზეგავლენა თვითრეგულირებაში განიხილება, ანუ იქ, სადაც დაირღვა. ეს ინტერესთა კონფლიქტია, დამრღვევს გამოაქვს თავის თავზე გადაწყვეტილება, დააშავა თუ არა. კანონში წერია, რომ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არსად აქვს დაინტერესებულ პირს. შოკში ვარდებიან ევროპელი ექსპერტები ამას რომ კითხულობენ,“, – განაცხადა კახა ბექაურმა.

საქართველოს კანონმდებლობის აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევრო დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება საქართველოს  ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი.  ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებები საქართველომ 2019 წლის პირველი ივლისამდე  უნდა მიიღოს.

იტვირთბა....