სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბორჯომის ხეობაში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით სამი პირი დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები: 1988 წელს დაბადებული ს.პ., 1989 წელს დაბადებული ბ.ვ. და 1985 წელს დაბადებული დ.თ. ბორჯომის რაიონის სოფელ ლიბანის ტერიტორიაზე სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც შეხვდათ სამი პირი. მათ შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება, გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.
გ.ა.-მ ფიზიკური დაპირისპირების დროს დანის გამოყენებით დაჭრა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი, რომლებიც გადაყვანილი იქნენ ბორჯომის სამედიცინო ცენტრში.” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების, ჯგუფურად ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
ჩადენილი დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.