თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში 2019-2020 სასწავლო-სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა მისაღებად, ელექტრონული რეგისტრაცია დღეს, 12 ივნისს, დაიწყო. რეგისტრაცია, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე ორ ეტაპად წარიმართება:
პირველ ეტაპზე რეგისტრაციას შეძლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სსიპ „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, „სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს“ (შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების) მოწერილობის საფუძველზე; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; იმ ოჯახის ბავშვები, რომელთა შვილები სარგებლობენ იმავე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მომსახურებით; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ან/და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შუამდგომლობის საფუძველზე; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი კი, 19 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება და ელექტრონულად დარეგისტრირებას შეძლებს ყველა სხვა აპლიკანტი, რომელიც არ შედის პირველ ეტაპზე დასარეგიტრირებელთა კატეგორიებში. ამასთან, რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ ერთ საჯარო ბაგა-ბაღში.
სააგენტოს ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ბავშვი, რომელიც სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასაწყისში (და არა რეგისტრაციის მომენტში) იქნება ორი წლის.