ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოვუწოდებთ „მაგთიკომს“, უზრუნველყონ „მაგთი ფიქსის“ აბონენტები ალტერნატიული სერვისით – კომუნიკაციების ეროვნული კომისია

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ  „მაგთიკომისთვის“ 17 ივნისიდან CDMA ლიცენზიის ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და კომპანიას  „მაგთი ფიქსის“ აბონენტების ალტერნატიული სერვისით უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

„მოგეხსენებათ, რომ ლიცენზიის ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანია აბონენტებს მაგთი ფიქსის სერვისით ვეღარ მოემსახურება. აბონენტების ინტერესების გათვალისწინებით კომისია 2 თვეზე მეტია ლიცენზიის ვადის გაგრძელებისთვის კომპანიას სხვადასხვა გამოსავალს სთავაზობს და მზად არის, მთელ რიგ დათმობებზე წავიდეს, თუმცა „მაგთიკომმა“ კომისიის მიერ შეთავაზებულ ყველა შესაძლო გამოსავალზე უარი განაცხადა.

კომისიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა მოქალაქეს ჰქონდეს სატელეფონო მომსახურებებზე შეუზღუდავი წვდომა, სწორედ ამიტომ შევთავაზეთ კომპანია „მაგთიკომს“ მათთვის მისაღები პირობის გათვალისწინებით გაეგრძელებინათ CDMA ლიცენზიით სარგებლობა, თუმცა კომპანიამ იმ მიზეზით, რომ აღნიშნული სერვისი მათთვის მომგებიანი არ არის ჩვენს შეთავაზებებზე უარი განაცხადა“ – ნათქვამია განცხადებაში.

კომუნიკაციების კომისია შიშობს, რომ “მაგთი ფიქსის” სერვისის გაუქმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემატური იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში. კომისია მიიჩნევს, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის აბონენტი, რომელიც ზემოთ აღნიშნულ ტერიტორიებზე მაგთი ფიქსის მომსახურეობით სარგებლობს არ დარჩეს სატელეფონო კომუნიკაციის გარეშე.

კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს  „მაგთის“, როგორც ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოს აღნიშნულ საკითხს, გაითვალისწინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში არსებული ვითარება და განიხილოს კომისიის შეთავაზება.

 

იტვირთბა....