თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს წინასწარი პატიმრობის ვადა 25 ივლისამდე გაუგრძლა .
როგორც, დაცვის მხარემ განაცხადა, იულია სუსლიაკის მეუღლეს, იური სუსლიაკს პროკურატურამ დაკავებულის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა სიმბოლური ჯარიმის ხარჯზე. ადვოკატის თქმით, იური სუსლიაკმა უარი განაცხადა.
შსს-ს ცნობით, იულია სუსლიაკი უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვის თანხლებით გადავიდა, საქართველოში კი 10 ბავშვი ჩამოიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტერპოლის მეშვეობთ ცდილობს მოიძიოს ინფორმაცია იმ ერთი ბავშვის შესახებ, რომელიც ამ დრომდე არ ჩანს. დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ბავშვი გარდაცვლილია და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენას სასამართლოში აპირებს.
გამოძიება ორი ან მეტი არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგი) ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 143-ე 2-პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს