დეპუტატები: რომან გოცირიძე, ნიკა მელია და კობა ნაყოფია „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელ ზვიად კუპრავას, რომელიც სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზეა დაკავებული, თავდებში უდგებიან.
ზვიად კუპრავას საქმეზე განაჩენი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, პროკურორ ქეთევან გურაშვილის გამოუცხადებლობის გამო, გადაიდო.
სხდომას ასევე ესწრებიან: მამუკა ჩიქოვანი, ზაალ უდუმაშვილი, კობა ხაბაზი, დავით კირკიტაძე და ბაჩუკი ქარდავა.
გამოძიების ინფორმაციით, ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, შემდეგ კი გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, კვლავ სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს.
21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით.