ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სააპელაციო სასამართლომ ბავშვებთან ერთი მშობლის მიერ მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მამის მიერ დედის ნეგატიურად მოხსენიება ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობად მიიჩნია.

სასამართლომ  გააუქმა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ძალაში დატოვა შსს-ს გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერები. ამ პრეცედენტული გადაწყვეტილებთ, სასამართლომ, ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება ფსიქოლოგიურ ძალადობად აღიარა.

დედას ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იცავდა, რომლის გადმოცემით,  მამამ ის შვილებთან უარყოფით კონტექსტში მოიხსენია, რის გამოც ბავშვები დათრგუნულები და შეშინებულები იყვნენ.

“დედამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და შეატყობინა სოციალურ სააგენტოს ფსიქოლოგთან დასაკავშირებლად. ბავშვები სოციალური მუშაკის თანდასწრებით გამოკითხეს, რა დროსაც, მათ დაადასტურეს მამის ნათქვამი”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

მომხდარის შემდეგ, მამამ კიდევ წაიყვანა ბავშვები და უთხრა, რომ თუ სამართალდამცავ ორგანოებთან სიმართლეს იტყოდნენ, დედა და მამა ერთად ვეღარ იქნებოდნენ და საქმე კიდევ უფრო გართულდებოდა. დედის თქმით, ბავშვები განიცდიდნენ მძიმე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და ნერვიულობდნენ, რაც გამოიხატებოდა უძილობაში, მუდმივად დაძაბულ და გაღიზიანებულ მდგომარეობასა და შიშში.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთი რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა, ბავშვის დედის განცხადების საფუძველზე შემაკავებელი ორდერი გამოსცა, რაც მამამ საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. პირველი ინსტანციის სასამართლომ გააუქმა გამომძიებლის მიერ გამოცემული ორდერები. სწორედ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში ორგანიზაციამ  და დავა მოიგო.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ორგანიზაციის იურისტების პოზიცია, მიიჩნია, რომ ერთი მშობლის მიერ ბავშვებთან მეორე მშობლის ნეგატიურ კონტექსტში მოხსენიება წარმოადგენდა ბავშვებზე ფსიქოლოგიურ ძალადობას და ძალაში დატოვა შსს-ს გამომძიებლის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერები. მამას 30 დღით ბავშვებთან მიახლოება და მათთან ნებისმიერი სახით კომუნიკაცია აეკრძალა”, – აღნიშნულია განცხადებაში.

იტვირთბა....