ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება – გამოყენების ფაქტზე სამი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დიდი ოდენობით არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაარეგისტრირეს კომპანიები, დაამზადეს და გამოიყენეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, თითქოს სხვადასხვა დასახელების საქონლის მიწოდება ხდებოდა. ამ გზით, მათ, დამატებული ღირებულების გადასახადში ხელოვნურად შეიქმნეს ყალბი აქტივი.
უწყების ცნობთ, ბრალდებულების მიერ ფიქტიურად შექმნილი აქტივის ოდენობა 30 მილიონ ლარს აღემატება.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.