ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრობის კანდიდატები აირჩიეს

საქართველოს სახელმწიფო საპენსიო სააგენტოში უკვე 203 მილიონი ლარია მობილიზებული. კანონის მიხედვით, ამ თანხის სამართავად საპენსიო სააგენტოს სპეციალური საინვესტიციო საბჭო ესაჭიროება, რომელმაც ინვესტირების სტრატეგია უნდა მოამზადოს. აღნიშნულ საბჭოს წევრებად სპეციალურმა შესარჩევმა კომისიამ 5 საუკეთესო კანდიდატი: დავით წიკლაური, ტიმო ვიჰერკენტა, ოლივიე რუსსო, ჟან-ფრედერიკ პოლსენი და მაიკლ რიდლი წარადგინა. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს კანდიდატები პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

წარმოშობით ერთადერთი ქართველი კანდიდატი, დავით წიკლაური 2019 წლის აპრილის ჩათვლით “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტზე მუშაობდა.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს ფუნქციას, სხვა ფუნქციებთან ერთად, წარმოადგენს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება, რომელსაც საპენსიო სააგენტოს დირექტორს წარუდგენს. სააგენტო, საჭიროებისამებრ, პერიოდულად გადასინჯავს და კანონის შესაბამისად ანახლებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, მათ შორის, აქტივების განთავსების სტრატეგიას;  არანაკლებ კვარტალში ერთხელ ახორციელებს საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის მონიტორინგსა და შეფასებას, ასევე, ახორციელებს საინვესტიციო საქმიანობის საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტთან შესაბამისობის შეფასებას.

 

იტვირთბა....