“შავგულიძის მოწინააღმდეგედ საარჩევნო კამპანიაში დავინახე ბატონი მურუსიძე, რომელიც არც კი თაკილობდა დებატებში მონაწილეობას შავგულიძესთან”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ნიკა მელიამ მთაწმინდის მაჟორიტარის არჩევნების მეორე ტურზე, ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.
მელიას თქმით, მან ხმა შალვა შავგულიძეს მისცა, თუმცა ლადო კახაძეს პირადად იცნობს და არაფერს ერჩის.
“ბანალური არ ვიქნები და პირდაპირ ვიტყვი, რომ ხმა მივეცი შალვა შავგულიძეს. მე არაფერს არ ვერჩი ლადო კახაძეს, მას პირადად ვიცნობ. შავგულიძის მოწინააღმდეგედ საარჩევნო კამპანიაში დავინახე ბატონი მურუსიძე, რომელიც არც კი თაკილობდა დებატებში მონაწილეობას შავგულიძესთან. მთელი კამპანია ისე აეწყო, რომ ისტორიის გაყალბება უნდოდათ. ადგილი აწმყოს დამახინჯებას ჰქონდა, თითქოს ბატონი მურუსიძე ფრთიანი ანგელოზი გახლავთ და ბატონი შავგულიძე არის ცუდი ადამიანი, რომელიც თუნდაც წინა და იმის წინა ხელისუფლების დროს ყოველთვის, როგორც ადვოკატი, იბრძოდა სამართლის დადგენისთვის. ამიტომ ყველა, ვინც ამ ფაქტორს მნიშვნელოვნად აღიქვამს, მხარს შავგულიძეს დაუჭერს.
წესით და რიგით, შუალედურ არჩევნებს საერთოდ არ უნდა მოჰყოლოდა ვნებათაღელვა, არც მთაწმინდაზე, არც ზუგდიდში, არც ზესტაფონში და არც სხვა ქალაქებში, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რამდენი რამ იკადრა „ქართულმა ოცნებამ“ და რის ხარჯზე მოიპოვა გამარჯვება, მაგალითად მთაწმინდაზეც რას სჩადიოდა. ვფიქრობ, შავგულიძე ძალიან პროდუქტიული პარლამენტის წევრი იქნება. ერთი ოპოზიციური დეპუტატის შემოსვლაც საქმეა. თუ ვერ გაიმარჯვებს, ეს უბრალოდ „ქართული ოცნებისთვის“ გედის სიმღერა იქნება“,-განაცხადა ნიკა მელიამ.