ყაზბეგში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის, „ავიატორ +“-ის დირექტორის მოადგილის, გიორგი მოლოდინაშვილის განცხადებით, აღნიშნული ქეისი საერთაშორისო დონისაა.
მისი თქმით, ვერტმფრენი აშშ-ი იყო გამოშვებული, ასევე მას გააჩნდა მაღალი ტექნოლოგიების ძრავა, რომელიც ფრანგული კომპანიის მიერაა გამოშვებული.
“ყველა სპეციალისტი ჩაერთვება პროცესში. ამ საქმემ საერთაშორისო მასშტაბი შეიძინა და საერთაშორისო დონეზე ჩატარდება ამ კონკრეტული შემთხვევის კვლევა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენს არ ჰქონდა გარკვეული აღჭურვილობები, საუბარია, შავ ყუთზე. შავი ყუთი ამ კლასის ვერტმფრენისთვის განსაზღვრული არ არის და არც უნდა ჰქონოდა. რაც შეეხება სხვა ტექნოლოგიებს, ვერტმფრენი უმაღლესი კლასის იყო და მას გააჩნდა ძალიან მაღალი კლასის ტექნოლოგიები. ვერტრფრენმა ტექნიკური დათვალიერება 2019 წლის 22 მაისს გაიარა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გვაქვს. ტექნიკური დათვალიერება ჩატარდა ლიცენზირებული, მაღალი დონის კომპანიის მიერ. მთელ პროცესს ზედამხედველობას უწევდა სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. ასევე გავრცელდა დეზინფორმაცია, რომ მესამე ადამიანი, სასტუმროს თანამშრომელი, რომელიც ბორტზე იმყოფებოდა, ის არ უნდა ყოფილიყო და რომ ის წონის დაბალანსების გამო იმყოფებოდა. ბორტზე ის ადამიანი თავისი სურვილით და ცხადია, მფრინავის თანხმობით იყო. აღნიშნული ბორტით დაფრინავდა ყველა თანამშრომელი, მათ შორის, მეც”, – განაცხადა მოლოდინაშვილმა.
ყაზბეგში, ყუროს მთის მახლობლად, დაუსახლებელ ადგილზე, კერძო ვერტმფრენი 6 ივნისს ჩამოვარდა.
უბედური შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.