არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, მთაწმინდის ოლქში პირველი ტურის დასრულების შემდეგ ფეისბუქზე ოპოზიციური კანდიდატის, შავგულიძის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია გააქტიურდა და ამას ორგანიზებული სახე აქვს. ორგანიზაციის განმარტებით, იგივე მადისკრედიტირებელი გვერდები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას კანდიდატებისა და პარტიების წინააღმდეგ დასპონსორებულ კამპანიას აწარმოებდნენ.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ისევე, როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, 19 მაისის შუალედურ არჩევნებზეც დისკრედიტაციისა და დეზინფორმაციის კამპანია ფეისბუქზე ინტენსიური იყო და ძირითადად, ზუგდიდისა და მთაწმინდის ოლქებზე იყო კონცენტრირებული.
რაც შეეხება ლადო კახაძეს, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მის დისკრედიტაციას ის გვერდები მიმართავენ, რომლებიც აფილირებული არიან ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან და ზოგადად, ქართულ ოცნების, ბიძინა ივანიშვილისა და მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურობენ.
“მადისკრედიტირებელი პოსტები კახაძის მიმართ ძირითადად სატირული და ღვარძლიანია, თუმცა სპორადული სახე აქვს და დასპონსორებული არ არის. შესაბამისად, ასეთი პოსტები რეაქციების, გაზიარების თუ კომენტარების დიდი რაოდენობით, როგორც წესი, არ ხასიათდება”, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სამართლიანი არჩევნები აღნიშნავს, რომ შალვა შავგულიძის წინააღმდეგ გვერდები კოორდინირებულად, თანმხვედრი გზავნილებით აქვეყნებენ დამონტაჟებულ ფოტო-ვიდეო მასალას, რომელშიც ის წარმოჩენილია, როგორც კანდიდატი, რომელიც თანამშრომლობს წინა “რეჟიმის” პირებთან და მას მორალურად კიცხავენ. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ შავგულიძის საწინააღმდეგო რამდენიმე პოსტში გამოყენებული იყო ძალადობრივი შინაარსის შემცველი მასალა, რომელიც ფეისბუქმა დაფარა.
“შავგულიძის წინააღმდეგ მიმართულ ფეისბუქკამპანიას POSTV-ის და იმედის რიგი სიუჟეტების ხაზი გასდევს და ძირითადი კონტექსტი მათ მიერ შავგულიძის საწინააღმდეგოდ მომზადებული მასალებიდან იქმნება”, — ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. მათივე თქმით, შესაძლოა, ეს უკანონო შემოწირულობებთანაც იყოს დაკავშირებული:
“სავარაუდოდ ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით მიმდინარე კანდიდატის მადისკრედიტირებელი კამპანიის მთავარი ინსტრუმენტი არის მადისკრედიტირებელი პოსტების დასპონსორება. ამ მიზნით გაწეული არადეკლარირებული ხარჯი კი, თავისი არსით, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად უკანონო შემოწირულობას წარმოადგენს”.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გამოწვევად რჩება, რომ ფეისბუქრეკლამაში გადახდილი ამ თანხების წარმომავლობის ფინანსური მონიტორინგი აუდიტის სამსახურის მიერ ვერ ხორციელდება, რაც საარჩევნო გარემოს აზიანებს.
წყარო – ON.GE