ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში საქართველოსა და “გაზპრომს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების იმ ნაწილზე ისაუბრა, რაც კომერციული საიდუმლო არ არის.
მისი თქმით, საქართველოს გაზის მთლიანი მოხმარების 95 პროცენტი აზერბაიჯანული გაზია.
“მთავარი პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვატარებდით და გავატარეთ “გაზპრომთან” მოლაპარაკებებში, იყო პირველ რიგში ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების დაცვის პრიორიტეტი, რაც ზედმიწევნით შესრულდა და თქვენ დღეს თუ ჩახედავთ გაზის ბალანსს, რომელიც გამოქვეყნებულია ჩვენს ვებგვერდზე, 2.5 მილიარდი კუბური მეტრის ბაზრიდან, რაც ჩვენი მთლიანი მოხმარებაა, 95% გაზი აზერბაიჯანული წარმომავლობისაა. აზერბაიჯანი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.”
როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველო აზერბაიჯანიდან გაზს ორი წყაროთი იღებს.
“ჩვენ ვიღებთ ორი წყაროთი აზერბაიჯანიდან გაზს – ეს არის ჩვენი კუთვნილი კვოტა, როგორც სატრანზიტო ქვეყნის, შაჰდენიზიდან, ეს არის ასევე სახელმწიფო კომპანია “სოკარის” მიერ მოწოდებული გაზი. ამ გაზით იფარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მომხმარებელი – ჩვენი მოსახლეობა და თბოელექტროსადგურები. აქ ჩვენ გვაქვს მყარი გარანტიები, რომ მთლიანად ეს სეგმენტი დაფარული იქნება და არის აზერბაიჯანული გაზით. ” – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრი კომერციულ სეგემენტსაც შეეხო. მისი თქმით, მთავრობა ყოველთვის მომხრეა კომერციულ სეგმენტში, ელექტროენერგიისა თუ გაზის სექტორში, გარკვეული კონკურენცია შევიდეს.
“ბიზნესში, ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ, იქნება ეს ელექტროენერგიისა თუ გაზის სექტორი, რომ შემოვიდეს გარკვეული კონკურენცია. ჩვენი მოლაპარაკების შედეგად და დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს, როგორც მოგეხსენებათ, იმიტომ რომ დოკუმენტი კომერციული საიდუმლოებაა, მაგრამ შედეგს ხედავთ, ჩვენ შევძელით პირობების გაუმჯობესება, მათ შორის მიწოდებული გაზის ფასის ნაწილშიც და ახლა მართალია, მცირე დოზით, სულ 5% ჩვენი მოხმარებისა, ეს გაზი წარმოდგენილია ბაზარზე, როგორც ალტერნატიული. გაიყიდა მისი დიდი ნაწილი აუქციონის მეშვეობით. შედგა ძალიან დიდი კონკურენცია. 8 კომპანია მონაწილეობდა. ეს გაზი შეიძლება, ძალიან მცირეა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოტივატორია კონკურენციისთვის და აქედან გამომდინარე, ალტერნატივის არსებობა კომერციულ ბაზარზე ისევ და ისევ ჩვენი ბიზნესების კონკურენტუნარიანობით არის განპიროებებული.” – განაცხადა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ “გაზპრომ–ექსპორტსა” და საქართველოს შორის რუსეთიდან სომხეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტის შესახებ ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება მოქმედებს. ხელშეკრულება კომერციულ საიდუმლოს წარმოადგენს. ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საქართველო ახალი ხელშეკრულებით ტრანზიტის გაზრდილ საფასურს იღებს, ბუნებრივი გაზის ფასი კი შემცირებულია მათთვის, ვინც რუსული გაზის შეძენას მოინდომებს.