საია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს სახელმწიფო ინსპექტორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დებულების დარღვევით გამოვლენილ რომელიმე კანდიდატს.
„კომისიის დებულება განსაზღვრავდა, კონკურსში მონაწილეობისათვის წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხას, მათ შორის სამოტივაციო წერილის წარმოდგენის ვალდებულებას. ამასთან, კომისიის დებულებაში, ნათლად და მკაფიოდ ეწერა, რომ წარმოდგენილ სამოტივაციო წერილში ასახული უნდა ყოფილიყო – კანდიდატის ხედვა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების, გასატარებელი ღონისძიებების, სახელმწიფო ინსპექტორის ინსტიტუტის განვითარებისა და ეფექტიანობის ამაღლების შესახებ.
შესაბამისად, კომისიას გასაუბრების ეტაპზე მხოლოდ ის კანდიდატი/კანდიდატები უნდა გადაეყვანა, ვინც სრულად აკმაყოფილებდა დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, მათ შორის სამოტივაციო წერილის ნაწილში. კონკურსში მონაწილეობის სურვილი, თავდაპირველ ეტაპზე 48 პირმა გამოხატა, კომისიის დებულების შესაბამისად მომზადებული სამოტივაციო წერილი კი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა – ლონდა თოლორაიამ წარმოადგინა. თუმცა, კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დებულების მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, კონკურსის შემდეგ ეტაპზე – გასაუბრება, მოწვეული იყო არა ერთი, არამედ 7 კანდიდატი (გასაუბრებაზე 5 გამოცხადდა). კომისიამ კანდიდატებთან გასაუბრება 2019 წლის 1 ივნისს ჩაატარა.
ეჭვს ისიც აძლიერებს, რომ იმ შემთხვევაში თუ კომისია დებულების შესაბამისად იმოქმედებდა და გასაუბრებაზე მხოლოდ ერთ კანდიდატს დაიბარებდა, საჭირო გახდებოდა ხელახალი კონკურსის ჩატარება (სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონის თანახმად, კომისიამ პრემიერ-მინისტრის არანაკლებ 2 კანდიდატი უნდა წარუდგინოს). სავარაუდოდ, სწორედ ხელახალი კონკურსის ჩატარების თავიდან აცილების მიზნით იყო მოწვეული გასაუბრებაზე დანარჩენი კანდიდატები, საიდანაც საბოლოოდ ორი კანდიდატი წარედგინა პრემიერ-მინისტრს (პრემიერმა კანდიდატები პარლამენტს უკვე წარუდგინა)”,- განაცხადა საიას თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.
სახელმწიფო ინსპექტორის კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი 2019 წლის 17 მაისს საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოცხადდა.