ლილოში, “ჩაინა ლილო სითის” მოვაჭრეებს ხანძარს გადარჩენილი პროდუქცია საწყობებში გადააქვთ.
იგეგმება გაწმენდითი სამუშაოების დაწყება.
“ჩაინა ლილო სითიში” განძარი 22:30 საათისთვის გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია ათას კვადრატულ მეტრამდე ფართი და ათობით მაღაზია.
“ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 90-მდე მეხანძრე-მაშველი, 17 ავტოცისტერნა და სამაშველო ჯგუფები. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდნენ პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დამწვარია ჯიხურებში განთავსებული სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა დასახელების პროდუქცია.
ხანძრის გაჩენის შედეგად არავინ დაშავებულა.
პრევენციის მიზნით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან მეხანძრე-მაშველთა 2 ჯგუფი და მონიტორინგს გაუწევს ტერიტორიას. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე დარჩებიან პოლიციის ეკიპაჟებიც.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებს პოლიცია დაადგენს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.