2020 წელს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა უკვე გარანტირებულია და ჩვენ ვაგრძელებთ საკონსტიტუციო ცვლილებების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ უსამართლო სისტემა, რომელიც ასე ადვილად იძლევა გაყალბების საშუალებას, უნდა შეიცვალოს.
„გავაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას, აუცილებლად კანონით დადგენილ ვადებში გადავცემთ ხელმოწერებს ხელისუფლებას და მოვითხოვთ, რომ ეს სისტემა მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიცვალოს. 2020 წელს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა უკვე გარანტირებულია. ყველას, აი ამ სასტუმროს წინ ასფალტსაც კი ესმის, რომ ეს მოხდება, მაგრამ გვინდა კიდევ ერთხელ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება ეს გააკეთოს ცივილიზებულად, ისე, როგორც საქართველოს ისტორიას შეეფერება და რაც მთავარია, გადავფურცლოთ ძველი თავები და დავიწყოთ საქართველოში ახალი პოლიტიკური კულტურის შექმნა. შენარჩუნება ამ სისტემის ნიშნავს იმას, რაც სამწუხაროდ, ჩვენ ვიხილეთ საპრეზიდენტო არჩევნებზე და შუალედურ არჩევნებზე, როდესაც გაყალბება, ან ყიდვა არჩევნების გახდა ჩვეულებრივი პრაქტიკა. არაფრით აღარ განვსხვავდებით, ახლა არ მინდა, არავის შეურაცხყოფა მივაყენო და დავასახელო ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა. იმ სახელმწიფოებისგან უკვე არაფრით განვსხვავდებით“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეგახსენებთ, 20 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო ცვლილების მოთხოვნით 300 ათასამდე ხელმოწერის შეტანას პარლამენტში მომდევნო კვირის დასაწყისში გეგმავს. მოთხოვნა 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა.