ახალი ამბები

სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე კალანდიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მიხეილ კალანდია დიღმის მთავარ სამმართველოში მისმა უფლებადამცველმა მოინახულა. ინფორმაციას ამის შეახებ საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

როგორც ადვოკატმა, ანა კოტეტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულთან ხვალისთვის დაგეგმილი, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები შეათანხმა.

ადვოკატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კალანდია წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისივე ინფორმაციით, დაცვის მხარე ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

„სავარაუდოდ, ბრალდების მხარე მოითხოვს ბპატიმრობას. რა თქმა უნდა, არ დავეთანხმებით პროკურატურის შუამდგომლობას. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდების მხარე მოითხოვს პატიმრობას, ჩვენ მოვითხოვთ ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი არც ერთი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები. ის არ აპირებს არსად მიმალვას. ამასთან, დაცვის მხარეს გვაქვს ალტერნატივის სახით გირაო, თუმცა ოდენობა ამ ეტაპზე არ ვიცი”, – განაცხადა ანა კოტეტიშვილმა​.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას ბრალი ოფიციალურად დღეს წარედგინა.

მიხეილ კალანდიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიხეილ კალანდია მოსამართლის განჩინებით გუშინ დააკავა.

იტვირთბა....