რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაუძინებელი მტერი, მიხეილ ხადარკოვსკი, ევროპულ პრესაში საკმაოდ ხმაურიანი განცხადებებით გამოდის. მისი თქმით, მოდის დრო, როცა სრულიად რუსეთი ერთიანდება პუტინის სისტემის წინააღმდეგ. როგორც ის ამბობს, ამ პროცესს აჩქარებს უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი.
“უზარმაზარი პრობლემაა პუტინისთვის უკრაინის ახალი პრეზიდენტი ზელენსკი”. – ამბობს ხადარკოვსკი. ის თვლის, ზელენსკი აჩვენებს პუტინს, რომ დემოკრატიული წესით პრეზიდენტის შეცვლა შესაძლებელია.
“რუსეთი დაიღალა პუტინისგან ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე, ბრეჟნევისგან საბჭოთა კავშირი. ეს თვალნათლივ ჩანს, თუკი დავაკვირდებით თუ როგორ ხუმრობენ ბოლო დროს რუსეთში. ბოლო 6 წელია, რუსეთში ცხოვრების დონე ძალიან დაეცა, მაგრამ პუტინის სტატისტიკის სამსახურები საწინააღმდეგო ინფორმაციას ავრცელებენ, პერიოდულად.” – ამბობს ხადარკოვსკი.
როგორც გამოცემა წერს, 2006 წლიდან დღემდე, პირველი შემთხვევაა, როცა საკმაოდ სერიოზული სოციალური გამოკითხვა ცხადყოფს, რომ პუტინის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმადეა დაცემული.
“მეფე ცუდია და ის უნდა შეიცვალოს” – აცხადებს ხადარკოვსკი. ის ამბობს, რომ პუტინის რეჟიმს წყალი შეუდგა და მაგალითად მოჰყავს მის მიმართ ქვეყნის ჩრდილოეთით დაწყებული გამოსვლები, რომელიც ერთი შეხედვით, ეკოლოგიური პროტესტის ნიშნით გამოირჩეოდა, თუმცა აშკარა იყო ფარული საპროტესტო ჩანაფიქრები. “ნუ მოგაქვთ მოსკოვიდან ნაგავი აქ” – ასეთი იყო აქციის მონაწილეთა პათოსი, თუმცა, როგორც ხადარკოვსკი ამბობს, ამ აქციას, რეალურად, არანაირი კავშირი ჰქონია ეკოლოგიასთან და ეს იყო სისტემის წინააღმდეგ ფარული გალაშქრება.
“წარმოიდგინეთ, რომ ხართ აყვანილი ტყვედ, თქვენ გვერდით, ასევე ტყვედ არის 100 ადამიანი და თავზე გადგათ დამპყრობელი პისტოლეტით ხელში. თუკი თქვენ გაილაშქრებთ მის წინააღმდეგ და მივარდებით მას, არანაირი შანსი არაა, რომ დამპყრობელმა 100-ვე ერთად მოგკლათ, უბრალოდ, მსხვერპლი შესაძლოა მხოლოდ თქვენ აღმოჩნდეთ. რუსები დღეს ელოდებიან როდის დაიღლება დამპყრობელი.” – ამბობს ხადარკოვსკი.
ის თვლის, რომ პუტინი აუცილებლად შეეწინაღმდეგება მის მიმართ დაწყებულ პოლიტიკურ ვნებებს სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, რომლის ინსპირაცია ისევ ზელენსკი იქნება. როგორც ხადარკოვსკი აცხადებს, არ არის გამორიცხული ზამთარში უკრაინას გაზის ონკანი გადაუკეტოს მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხმა დაინახოს, რა ცუდია ვლადიმირ ზელენსკი. – ციტირებს გამოცემა Tagesspiegel.
შეგახსენებთ, ერთ დროს ხადარკოვსკი საკმაოდ მდიდარი ადამიანი იყო რუსეთში. მან ვერ აიტანა პუტინის ერთპიროვნული მმართველობის სისტემა და მისი სერიოზული ოპონენტი გახდა. კრემლმა ის 10-წლიანი სასჯელით, ციხეში გაუშვა და მსხვილი ნავთობის კონცერნი “იუკოსი” გაუჩანაგა. ამჯერად, აღნიშნულ ბიზნესს პუტინის პოლიტიკური ქვეშევრდომები მართავენ. წერს ცნობილი გამოცემა “ბილდი”.
“რუსი გენერლები ერთ მშვენიერ დღეს მივლენ დასკვნამდე, რომ პუტინის გარეშეც შეიძლება ცხოვრება და მითუმეტეს მაშინ, როცა მისი რეიტინგი მოსახლეობაში დროდადრო ეცემა. პუტინი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, შექმნას იმიჯი, რომ თითქოს ამერიკა აპირებს რუსეთს თავს დაესხას და ის ამის პროვოცირებას აუცილებლად მოახდენს. რა თქმა უნდა, მას თავში ყოველთვის უტრიალებს სირიის და ვენესუელას იდეაც, მაგრამ რუს მოსახლეობას ეს თემა არ ეპიტნავება. ამიტომ, მე მგონია, რომ პუტინი სიტუაციას სხვა მიმართულებით გაამწვავებს და აქცენტს ევროპაზე, კერძოდ კოსოვოზე გააკეთებს.” – ამბობს ხადარკოვსკი.
ხადარკოვსკი თვლის, რომ პუტინი ტყუილად ქმნის ილუზიას, თოთქოს რუსეთში მუშაობენ ინსტიტუციები. კრემლის ლიდერის ოპონენტი დარწმუნებულია, რომ ეს არის ტყუილი და სამინისტროების უკან რეალურად მაფიოზური დაჯგუფებები დგანან.
“პუტინი არის მაფიოზი, რომელიც კრიმინალურ სინდიკატს ხელმძღვანელობს” – აცხადებს პუტინის ოპონენტი.