ნიდერლანდებში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდი ევთანაზიის შედეგად გარდაიცვალა. მის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.
17 წლის ნოა პოტჰოვენმა უკანასკნელი პოსტი სოციალურ ქსელებში გასულ შაბათს გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ უახლოესი 10 დღის განმავლობაში მოკვდებოდა.
“მრავალი წლის ბრძოლის და ტანჯვის შემდეგ ყველაფერი დამთავრდა”- დაწერა გოგონამ ინსტაგრამზე. თინეიჯერმა საჭმლისა და სასმლის მიღება შეწყვიტა. მისი თქმით ეს სოციალურ ქსელში უკანასკნელი პოსტია, რადგან მალე ცოცხალი აღარ იქნება.
მოზარდი თავის ბიოგრაფიულ წიგნში „გამარჯვება ან სწავლა“ დეტალურად აღწერდა სექსუალურ ძალადობას, დეპრესიისა და ანორექსიის წინააღმდეგ ბრძოლას. წიგნში ის იხსენებს, რომ პირველად სექსუალური შევიწროების მსხვერპლი 11 წლის ასაკში გახდა, 14 წლის ასაკში კი, ის ორმა მამაკაცმა გააუპატიურა. ნოა წერდა, რომ მომხდარი მშობლებს დაუმალა, რადგან რცხვენოდა.
მომხდარის შემდეგ მას სერიოზული ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. ამას თან დაერთო ანორექსიაც. მოზარდის როგორც ფსიქიკური, ისე ფიზიკური ჯანმრთელობა დაზიანდა.
ნიდერლანდებში ევთანაზია 12 წლიდან დასაშვებია, თუმცა 12-დან 16-მდე პირებს მშობლის ნებართვა სჭირდებათ.
ევთანაზიის საკითხებზე მომუშავე კომიტეტის ბოლო ანგარიშის თანახმად, ნიდერლანდებში 2017 წელს ევთანაზიის შედეგად 6 585 ადამიანი გარდაიცვალა. მათ უმრავლესობას განუკურნებელი სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდათ.
ევროკავშირის წევრებს შორის ევთანაზია ასევე კანონით დაშვებულია ლუქსემბურგსა და ბელგიაში.