მიგვაჩნია, რომ ბრალდების ის ფორმულირება, რომელიც წარდგენილია მიხეილ კალანდიას მიმართ, არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურდება , – განაცხადა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ანა კოტეტიშვილმა, პოლიციის მთავარი სამმართველოს დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ვისაუბრეთ მის ამჟამინდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მოვემზადეთ იმ პროცედურებისთვის, რასაც კანონმდებლობით გავივლით ამ ორი დღის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენი საუბარი სწორედ ამ საკითხებს ეძღვნებოდა”, – აცხადებს ადვოკატი.
გარდა ამისა, ანა კოტეტიშვილის თქმით, მიხეილ კალანდია თავს დამნაშავედ არ ცნობს და პოზიციის დაფიქსირება ბრალის ოფიციალური წარდგენის შემდეგ მოხდება.
შეგახსენებთ, დღეს სამართალდამცავებმა ხორავას ქუჩაზე, მოზარდების მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ კალანდია დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.