საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მოზარდების მკვლელობასთან დაკავშირებით ბრალდებულთა წრე კიდევ უფრო გაფართოვდეს. მეზვრიშვილმა ამის შესახებ დღეს “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“ჩვენ გვაქვს სახეზე კონკრეტული შედეგი – სახეზეა დავით სარალიძის მკვლევლი გამამტყუნებელი განაჩენით და სახეზეა ბრალდებული, ჯგუფურ მკვლელობაში თანამონაწილე მიხეილ კალანდია. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს – იცით, რომ ათამდე პირი გვყავს ამ საქმეზე დაკავებული, რომელთა ნაწილი დღეს უკვე სასჯელს იხდის. გამოძიება გრძელდება და რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წერე გარკვეული მიმართულებებით გაფართოვდეს, რადგან ეს გახლავთ რთული და კომპლექსური საქმე. ფაქტობრივად, ყოველ თვე თითო ბრალდებულით მეტი გვყავდა ამ სისხლის სამართლის საქმეში: ზოგი დანაშაულის დაფარვაზე, ზოგი – დანაშაულის შეუტყობინებლობაზე, ზოგი – ცრუ ჩვენებაზე” – განაცხადა მეზვრიშვილმა
შეგახსენებთ, დღეს, 4 ივნისს, მიხეილ კალანდია შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ბრალდებით დააკავა.
დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ მიხეილ კალანდიას დაკავებით, ფაქტობრივად, სამართალი აღდგა. როგორც ზაზა სარალიძემ ტვ პირველის ეთერში დღეს განაცხადა, ამ საქმეს ბოლომდე მიჰყვება მანამ, სანამ ყველა დეტალი არ გაირკვევა.