შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დღეს პანდორას ყუთი გაიხსნა, – განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახის უფლებადამცველმა, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ალეკო ცქიტიშვილმა დღეს „პალიტრანიუსის“ ეთერში.
მისი თქმით, არ იზიარებს მოსაზრებას, რომ კალანდიას დაპატმრებას პოლიტიკური ელფერი აქვს.
„ძალიან რთულია მიხეილ კალანდია იქცეს პოლიტპატიმრად, ვინაიდან, სწორედ ეს კითხვა, რასაც ახლა მიხეილ კალანდიას მამა სვამს, ისმოდა საზოგადოების მხრიდან სწორედ მიხეილ კალანდიას მისამართით, რატომ არ ხდება მისი დაკავება. იმიტომ არ ხდებოდა, რომ სავარაუდოდ, მიხეილ კალანდიას მფარველები ჰყავდა. ჩვენ ვნახეთ ის კადრები, თუ როგორ გამოჰქონდათ პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის კალანდიების სახლში მისვლის შემდეგ რამდენიმე წუთში ლუკა კალანდიას და ოჯახის წევრებს ნივთმტკიცებები და ყრიდნენ საკანალიზაციო ჭაში, ანადგურებდნენ ამ ნივთმტკიცებებს. ეს იყო სწორედ მირზა სუბელიანის მფარველობით და მისი უშუალო მითითებით. ძალიან რთულია მიხეილ კალანდია იყოს პოლიპატიმარი და მისი დაკავება პოლიტიკურ პროცესებს დავუკავშიროთ. ძალიან რთულია ეს მისმა დაცვის მხარემ დაამტკიცოს“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა