ბოტსვანის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრი, უნითი დოუ საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში ჩავიდა. ინფორმაციას რადიო “მოზაიკა” ავრცელებს.
უნითი დოუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ დათა ვანიშვილს შეხვდა. 80 წლის მოხუცი ბოტსვანის დელეგაციას იმ პრობლემებზე ესაუბრა, რომელიც მას გადაადგილების დროს ექმნება.
როგორც უნითი დოუმ აღნიშნა, საქართველოსა და ბოტსვანას დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ, ქვეყნებმა ხელი მოაწერეს პოლიტიკურ თანამშრომლობაზე შეთანხმებას და ამ რანგში ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში.
“მარტივია ანგარიშების კითხვა, პოლიტიკური დოკუმენტების გაცნობა საქართველოზე, თუმცა მნიშვნელოვანია, ადგილზე ნახო მდგომარეობა და ის, როგორ ცხოვრობს აქ ხალხი. როდესაც ადამიანებს ხვდები, უკეთ გვიყვებიან საკუთარ ცხოვრებას, სახეები ბევრის მთქმელია“, – განაცხადა ბოტსვანის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა.