ნამდვილად ამაყი ვარ და მეამაყება, რომ ვარ იმ გუნდის წევრი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, – ქვეყნის დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ამის შესახებ თბილისში, ორბელიანის განახლებული მოედნის გახსნისას ისაუბრა.
კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა, რაშიც დიდი მხარდაჭერა ჰქონდა პარლამენტიდან.
მან მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს თანადგომისთვის.
„ამაყი ვარ იმით, რომ ჩვენი გუნდის ლიდერი გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ როცა ასეთ მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ, შეუძლებელია მისი გაკეთება და წარმატებით დასრულება თუ არ გაქვს საკანონმდებლო მხარდაჭერა.
ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები განვახორციელეთ, გავამკაცრეთ კანონები, გავამკაცრეთ სამშენებლო რეგულაციები სხვადასხვა მიმართულებით. ეს გარდაუვალი იყო და ამის გარეშე შეუძლებელი იყო ჩვენ გვეფიქრა მომავალზე. ჩვენ ამაში ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა, გვაქვს და გვექნება პარლამენტიდან. მინდა თითოეულ პარლამენტარს მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის“,- განაცხადა კალაძემ.