საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის, მოხსენების ტექსტის თანახმად, ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირდა და ის ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
2018 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 12.7% შეადგინა, რაც ბოლო 15 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია.
“თვითდასაქმებულები გადადიან დაქირავებით დასაქმებულთა კატეგორიაში და მათი დასაქმება ხდება ეკონომიკის უფრო პროდუქტიულ სექტორებში“, – ნათქვამია პრემიერის მოხსენებაში.
მოხსენება 2018 – 2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ – პრემიერმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში წარადგინა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
მოხსენების ტექსტის თანახმად, „2018 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით, ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობამ 684.5 ათასი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 3.7%-ით აღემატება. ეს წინა წელთან შედარებით 24.5 ათასით მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს“.
შეგახსენებთ, დასაქმების ზრდისა და უმუშევრობის შემცირების ხელშეწყობის მიზნით, 2018 წლის განმავლობაში პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 1008 პროექტი:
მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულება − მხარდაჭერილია 899 პროექტი – 2800-მდე სამუშაო ადგილი;
ინდუსტრიული მიმართულება − მხარდაჭერილია 65 პროექტი – 2350 სამუშაო ადგილი;
სასტუმროს მიმართულება − მხარდაჭერილია 36 პროექტი – 820 სამუშაო ადგილი;
კინოინდუსტრიის განვითარების მიმართულება − მხარდაჭერილია 8 პროექტი – 4800-მდე სამუშაო ადგილი.
პრემიერის მოხსენების თანახმად, 2019 წლის მარტის მდგომარეობით, ამ მიმართულებების ფარგლებში სულ მხარდაჭერილია 23 პროექტი, რაც დამატებით 1300-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობს.
პრემიერის მოხსენებაში დასმულ აქცენტს დასაქმების შემცირების შესახებ, ქვეყანაში უმუშევრობის თვალსაზრისით არსებული მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია.