ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის დესტრუქცია” – აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე ღია წერილს ავრცელებს, რომელშიც ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტსა და არჩევნებს პოლიტიკურად მართულ პროცესს უწოდებს.

ნათია ზოიძემ ღია წერილი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაწოდა.

“31 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევნების პროცესზე მინდა ვთქვა. ამ კონკურსს ტელევიზიისა დარადიოს მრჩეველთა საბჭო აწყობდა და სხვა კანდიდატებთან ერთად მასში მეც ვმონაწილეობდი. საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაში გარკვეულ მრჩეველთა საბჭოს წევრებს წესით უნდა ეგრძნოთ, რომ ნამდვილად მქონდა გააზრებული საზოგადოებრივი მაუწყებლის კონცეფცია. გეგმა, რომელიც წარვადგინე, იყო ნაფიქრი, რეალისტური და თანმიმდევრული. საბჭოს მიზანი კონცეფციაზე მსჯელობა სულაც არ იყო.

არ ვნანობ პროცესში მონაწილეობას. მქონდა კითხვები, რომელზეც აუცილებელი იყო მიმეღო პასუხები. ამ წერილის მიზანია, ვთქვა: მრჩეველთა საბჭო არის პოლიტიკურად მოტივირებული,

ვფიქრობ, უნდა იცოდეთ: ნათია კაპანიძის უნდობლობიდან ერთ კვირაში სახელისუფლებო გუნდის სხვადასხვა ვერტიკალის ინიციატივით მომიგზავნეს ჩემთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ადამიანები. მთხოვდნენ, მშვიდად გამეგრძელებინა მუშაობა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილის პოზიციაზე და სასურველი იყო, დირექტორის არჩევნებში არ მიმეღო მონაწილეობა. უმოქმედობა იქნებოდა ხელისუფლების თანამზრახველობა, რადგან, ცხადი იყო, რომ ხელისუფლება სასურველ კანდიდატს ამზადებდა.

ნათია კაპანიძის უნდობლობიდან დაწყებული ეს პროცესი არის პოლიტიკური ინტერესის ქვეშ, ამასთანავე ამბიციებს, პირად წყენებს ვერ გასცდა. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო იდეებთან, ღირებულებებთან და არანაირად არ ეფუძნება პრობლემების მქონე თანამშრომელთა მიმართ სოლიდარობის განცდას.

მივმართავ მრჩეველთა საბჭოს წევრებს, განსაკუთრებით მათ, ვისთანაც 25-წლიანი მეგობრობა მაკავშირებდა: არ შემოგვასაღოთ ეს ფარსი კეთილსინდისიერების მაგალითად.

რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის დესტრუქციაიდა ეს არ მართლდება. თქვენს წინ არამარტო 320 თანამშრომელი დგას, არამედ დგანან მოქალაქეები, რომლებიც აჭარის ტელევიზიის ისტორიაში პირველად ფლობენ ტრიბუნას.

მრჩეველთა საბჭოს წევრმა მითხრა, რომ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ვმუშაობ ახლა მაუწყებელში, კანონდარღვევაა და მიმანიშნა კარისკენ. გიგა ჩხარტიშვილი, რომელიც „ქართული ოცნების“ კვოტით არის არჩეული, მეუბნება, რომ „საინფორმაციო პოლიტიკის მართვა“ და „სამივე პლატფორმის კოორდინაცია“, რაც ჩემს ხელშეკრულებაში ვალდებულებადაა ჩაწერილი, მითვისებული მაქვს და ეს დებულებას ეწინააღმდეგებაო. ფაქტობრივად, საჯაროდ მითხრეს, რომ მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას უნდა ჩამოვშორდე.

პროცესები სრულად შიშველია: მრჩეველთა საბჭო 31 მაისის გადაწყვეტილებით ხელს უწყობს არხის თავისუფალი საინფორმაციო პოლიტიკის ვექტორს შეცვლას.

ის, რომ უკანონოდ ვერეოდი სარედაქციო დამოუკიდებლობაში, არა თუ სიმართლე არ არის, არამედ მორალური ფსკერია. ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვერევი სარედაქციო საქმიანობაში, ეს არის ჩემი საქმე და ამით ვქმნი საფუძველს სარედაქციო თავისუფლებისთვის. მინდა, რომ ეს კარგად ესმოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გუნდის ყველა წევრს და, რაც მთავარია, მრჩეველთა საბჭოს წევრებს. არც გაბრაზებული ვარ და არც ნაწყენი. უბრალოდ ეს ასეა.

დღეს კიდევ ერთი კონკურსი გამოაცხადეს. თქვენ, ვისაც ეს გეხებათ, მშვიდად ნუ დაელოდებით ახალი დირექტორის არჩევას. თუ ეს უპასუხისმგებლობა გაგრძელდა, მალე აჭარაში იქნება ხელისუფლებისგან გაკონტროლებული საზოგადოებრივი მაუწყებელი.

კიდევ ერთხელ განვმარტავ, ამ წერილის პირადი მოტივი არ მაწერინებს: სულ რომ დაიხუთოს ქვეყანა, მე ჩემს წილ თავისუფლებას მაინც ვიპოვი, ერთი სიტყვა და ერთი თავისუფალი ხმაც კი საკმარისია, ვიბრძოლო პროგრესისთვის, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო ახლა აფერხებს.

2019 წლის 3 ივნისი”

ნათია ზოიძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებლის დირექტორის კონკურსში იღებდა მონაწილეობას, მას მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან მხარი 1 დაუჭირა. დანარჩენი ხმები კი სხვა 3 კანდიდატს შორის გადანაწილდა. შედეგად, ახალი დირექტორი ვერ გამოვლინდა.

დღეს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ, აჭარის მაუწყებლის დირექტორის პოზიციაზე ხელახალი კონკურსი გამოაცხადა.

ნათია ზოიძე, 2019 წლის 19 აპრილის შემდეგ, როდესაც მაუწყებლის ყოფილ დირექტორს, ნათია კაპანაძეს უნდობლობა გამოუცხადეს, დირექტორის მოვალეობას ასრულებს.

წყარო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

იტვირთბა....