ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პატიმრობა შეეფარდა ერმაკოვთან ერთად დაკავებულ 6 ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსანსაც.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, მოსამართლის გადაწყვეტილებას დარბაზში უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა. ბრალდებულების ახლობლებმა, ღამით, სასამართლოს შენობასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.
სასამართლო სხდომაზე გიორგი ერმაკოვმა სასამართლოს წინაშე სიტყვა წარმოთქვა და მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიებად მისთვის გირაოს შეფარდება სთხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე არიან დაკავებულები.
პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგა 1 370 076 ლარი.