ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შსს-ის განცახდება მჩაგვრელობის და გულგრილობის გამოხატულებაა” – თანასწორობის მოძრაობა

“თანასწორობის მოძრაობა” და “მედიის განვითარების ფონდი” (MDF) შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ თბილისი პრაიდის გამართვა დაგეგმილ ლოკაციებზე შეუძლებელია:

“გვსურს, გამოვეხმაუროთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გაკეთებულ ლგბტ ადამიანებისთვის დამამცირებელ, ანტისახელმწიფოებრივ და ანტიკონსტიტუციურ განცხადებას, სადაც, უწყების თქმით, ისინი ვერ უზრუნველყოფენ 23 ივნისს “თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი საჯარო მსვლელობის – ღირსების მარშის – სათანადო დაცვას. ჩვენი აზრით, აღნიშნული პოზიცია ნათლად წარმოაჩენს სახელმწიფოს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებასა მჩაგვრელობასა და გულგრილობას საკუთარი ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი მოქალაქეებისადმი” – ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, 2012 წლიდან ლგბტ აქრივისტები ერთსა და იმავე პრობლემას აწყდებიან, – “ყოველ წელს ლგბტ აქტივისტებს უცხადებენ, რომ მომეტებული საფრთხის გამო უწყება, რომლის პირდაპირი მოვალეობაა მოქალაქეების დაცვა, გამოხატვისა და შეკრების უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფა და მშვიდობის შენარჩუნება, საკუთარ მოვალეობას ვერ შეასრულებს.”

მათივე ცნობით, შსს-ში მთავარ არგუმენტად ასახელებენ, რომ უწყების ძალებს აღემატება დიდი რაოდენობის კონტრდემონსტრანტების შეკავება და იმ ძალადობის თავიდან აცილება, რომელიც, შესაძლოა, ლგბტ ადამიანების შეკრებას მოჰყვეს.

“ლგბტ ადამიანებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობა იმ პირობებში, რომ მათ ყველაზე ნაკლებად მიუწვდებათ ხელი იმ სოციალურ სიკეთეებზე, რომლებიც ისედაც შეზღუდული აქვთ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას და სოციალური პროტესტი ხშირად ერთადერთი გზა არის იმისათვის, რათა ადამიანებმა გამოთქვან უკმაყოფილება და სამართლიანად მოითხოვონ ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი მინიმალური პირობები.

ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ვერ ახერხებს აღნიშნული საჯარო შეკრებების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ბოლო წლების განმავლობაში, მიუთითებს, რომ ამ წლების მანძილზე მათ არ გადაუდგამთ სათანადო ნაბიჯები არსებული აგრესიის შესამცირებლად. უნდა აღინიშნოს, რომ ლგბტ ადამიანების უსაფრთხოება პრაიდით ან ნებისმიერი სხვა საჯარო დემონსტრაციით არ შემოიფარგლება. აღნიშნული საჯარო შეკრებები მხოლოდ და მხოლოდ ნათლად წარმოაჩენს საზოგადოებაში არსებულ აგრესიას – კონცენტრირებულად ამ დღესა და ადგილას. თუმცა, ლგბტ ადამიანები მსგავს თავდასხმებს, ძალადობასა და გარიყვას ყოველდღიურად განიცდიან. წლების განმავლობაში, სამოქალაქო საზოგადოების არაერთი მოთხოვნისა და რეკომენდაციის მიუხედავად, სახელმწიფოს არც ერთხელ არ ჩაუტარებია საინფორმაციო და ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები, არ უმუშავია განათლების სიტემის რეფორმაზე თანასწორობის იდეის გასავრცელებლად, ძალადობისა და ჩაგვრის პრევენციაზე, საზოგადოებაში არსებული რადიკალური ჯგუფების გაუვნებელყოფასა და რადიკალიზაციის ეკონომიკური, კულტურული და სოციალური მიზეზების ახსნასა და მოგვარებაზე. პირიქით, სახელმწიფოს მხრიდან არაერთხელ ყოფილა წახალისებული ჰომოფობია საკონსტიტუციო თუ საკანონმდებლო ინიციატივებით, ჰომოფობიური გამონათქვამებით, რადიკალური ჯგუფებისადმი ლოიალური მიდგომით, რელიგიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციითა და დანაშაულის წახალისებით. შესაბამისად, უმწვავეს ჰომოფობიაზე, ჩაგვრასა და ვითარებაზე, სადაც ლგბტ აქტივისტებს არ შეუძლიათ საჯაროდ შეკრება, პასუხისმგებლობა სრულად სახელმწიფოს ეკისრება. აღნიშნული იმ შემაშფოთებელი მდგომარეობის მაჩვენებელია, რომელშიც ლგბტ ადამიანებს დანარჩენი 364 დღე უწევთ ცხოვრება” – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 31 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ Tbilisi Pride-ის ორგანიზატორების მიერ დაგეგმილი ღონისძიების ფორმატზე და ადგილებზე, სადაც ღონისძიების გამართვა იგეგმება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, ეს შეუძლებელია.

იტვირთბა....