ფული თუ გადაიხადე, მსოფლიოს თუ აცნობე, რომ ამას ვაკეთებთო, ახლა აქ ექ რეებს თამაშობ? ეს არის ფინანსურ-პოლიტიკური ხელის გადაგრეხვების თემა ,- განაცხადა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა, ანაკლიის პორტის გარშემო განვითარებულ მოვლენების შესახებ “პალიტრანიუსის” ეთერში საუბრისას.
უსუფაშვილის აზრით, მთავრობას სურს, რომ საზოგადოება გააბითუროს და დააჯეროს ის, რაც სიმართლე არ არის.
„მას, ვისაც ამ ქვეყანაში ასეთი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა ევალება, ორ ბატს ვერ ანდობ, არათუ ორი პორტის საკითხის გადაწყვეტას. არანაირად არ ეტყობა ბატონ კაკაურიძეს, რომ ის არის ისეთი პიროვნება, რომელსაც შეიძლება ადვილად რამე შეეშალოს, მარტივად რაღაც ქაღალდს ხელი მოაწეროს“,- აღნიშნა უსუფაშვილმა.
მან ასევე დაამატა, რომ აღნიშნული ქმედებებით პირველ რიგში ქვეყანა ზარალდება. “შენების მოძრააობის” ლიდერი ფიქრობს, რომ ფოთის პორტის საქმეს ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის ან მასთან დაახლოებული პირის ხელი ურევია.
„ნებისმიერ შემთხვევაში ახლა ქვეყანაა დაზარალებული. ანაკლიის კონსორციუმის ინვესტორები თუ დამფინანსებლები გადაირივნენ, რა ხდებაო. რაც შეეხება ფოთის პორტს, აქ ვიღაც ქართველი რომ რაღაცას ხიმანდრობდა, ეს კვალი აშკარად ჩანს და გაირკვევა. ვინმე ბრიუსელიდან, ტოკიოდან ან ვაშინგტონიდან ბატონ კაკაურიძეს ვერ მიუტანდა ამ დოკუმენტს – ხელი მომიწერეო. აქ ქართველის ხელი ურევია – ან ხელისუფლებაში მყოფის ან ხელისუფლებასთან დაახლოებულის. ფოთის პორტთანაც ხომ უამრავი ბიზნესწრეა დაკავშირებული, რომელთაც ვიღაცამ უპატაკა, რომ ქართული სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ გვაქვს რაღაც ქაღალდი და ვიწყებთ რაღაც საქმეს.“,- განაცხადა უსუფაშვილმა.
დავით უსუფაშვილი ფოთის პორტის შესაძლო ლობირებაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ვიღაცამ აღნიშნული დოკუმენტის არსებობს უზრუნველყო.
„თუ არ გავბითურდებით ისე, როგორც გვიპირებენ, მაშინარსებობს რაღაც ძალა, ბიზნესპოლიტიკური ლობი, რომელმაც უზრუნველყო ის ქაღალდი, რომელსაც დღეს სასწრაფო წესით ხევენ.
მოძალადე სახელმწიფო ხომ არის უბედურება, მაგრამ ამაზე დიდი უბედურება ყოფილა ვირეშმაკობა“,- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებით „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ განცხადება გაავრცელა.
საკითხს დღეს ასევე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა. მან განაცხადა, რომ ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი გაუქმებულია, ასევე თანამდებობიდან გადაყენებულია მშენებლობის და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გრიგოლ კაკაურიძე.