მთავარი საზოგადოება

კოსტავამ თავისი არაადამიანური განცხადებით, ფაქტობრივად, ღმერთის სახელით, სიკვდილი მიუსაჯა ადამიანს – დეკანოზი ლომიძე

“რატომ არის ქუთაისის საკრებულოს წევრის, ნანა კოსტავას განცხადება ყოველმხრივ არაქრისტიანული და დასაგმობი:

ნანა კოსტავამ თავისი არაადამიანური განცხადებით, ფაქტობრივად ღმერთის სახელით სიკვდილი მიუსაჯა ადამიანს, თან არა საკუთარი, არამედ სხვისი შეცოდების გამო.

1) უკიდურესი ცოდვილი ჩასაქოლად რომ მიუყვანეს ქრისტეს, უთხრა მათ: “ვინც უცოდველია, პირველმა იმან ესროლოს ქვა” და იქ არავინ აღმოჩნდა უცოდველი იგივე ცოდვასთან მიმართებაში. ამიტომაც დაყარეს ქვები და უსიტყოდ გაიკრიბნენ. განა კოსტავას შეუძლია თქვას, რომ თავისი სიტყვით ან საქმით არასოდეს უთქვამს მკრეხელობა და არ შეუცოდავს ღვთის სიწმინდის მიმართ? მითუმეტეს, რომ აშკარად ჩანს, არ იცის ქრისტეს მოძღვრება. ამიტომაც, არა აქვს უფლება ერთ ცოდვილ ადამიანს სასჯელი გადაუწყვიტოს სხვას.

2) მრავალ ადგილას ამბობს წმინდა წერილი, რომ ყველა ადამიანი მხოლოდ საკუთარი შეცოდების გამო დაისჯება და საკუთარი სიკეთის გამო განმართლდება. ცოდვა ან მადლი არაა უფლის წინაშე რაღაც + და – ბონუს პუნქტები, რომ სხვაზე გადავიდეს. “შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს” აღარ გავიგონო თქვენ შორის კიდევ ვინმემ თქვას სხვაგვარად, – ამბობს უფალი წმ. ეზეკიელის წიგნში (ეზ. 18,20). ქრისტეს მოძღვრებით ყველა ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი საქმისთვის აგებს პასუხს მეორედ მოსვლისას. სიბეცე, სიბოროტე და ურწმუნოებაა სხვაგვარად აზროვნება.

3) ქრისტე გვაფრთხილებს ქრისტიანებს: ფრთხილად იყავით, რამეთუ როგორც განსჯით სხვა ადამიანს (ცოდვილს თუ უცოდველს), ისევე განგსჯით ღმერთი და რომელი საზომითაც გაზომავთ სხვას, ისეთივე საზომით გაგზომავთ ღმერთი! (მთ. 7,2) უნდა ეშინოდეს ამ სასტიკი და ამ არაქრისტიანული საზომით გამზომველს, რომ დღეიდან ასეთივე საზომით გაზომავს ღმერთი მის ყველა ფიქრს, სიტყვას და საქმეს. რა ეშველება, თუ ასე მოხდა?!

დეკანოზი თამაზ ლომიძე”

სოციალური ქსელი; დეკანოზი თამაზ ლომიძე;

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ქუთაისის საკრებულოს წევრმა ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ლაგოდეხში 16 წლის გარდაცვლილი გოგოს დის, სალომე ბარკერის ფოტო წარწერით: “კაი დღეში ხარ ახლა, იცინე”.

მოგვიანებით, ნანა კოსტავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან არ იცოდა სალომე ბარკერის ოჯახზე თავსდამტყდარი ტრაგედია.

იტვირთბა....