ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოლაჯურთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. დაშავებულთა შორის ორი ახალგაზრდა მამაკაცია. ინფორმაციას ამის შესახებ “პირველი არხი” ავრცელებს.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამის შემდეგ ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ექიმის განმარტებით, ახალგაზრდების მდგომარეობა სტაბილურია, შესაბამისი გამოკვლევები უკვე ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) დაიწყო.