საქართველოს საელჩოს ორგანიზებით პორტუგალიაში, ლისაბონის გრასას მონასტერში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
მოწვეულ სტუმრებს სამადლობელი სიტყვით მიმართა პორტუგალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რევაზ ბეშიძემ.
ელჩმა ისაუბრა მონასტერში დაცული და საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით რესტავრირებული წმინდა ქეთევან დედოფლის წამების ამსახველი პანოს ისტორიულ მნიშვნელობაზე.
მან ხაზი გაუსვა პორტუგალიასთან ორმხრივ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებს, ასევე, პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საზეიმო მიღებას ესწრებოდნენ პორტუგალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ლისაბონში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, მედიის, არასამთავრობო და კვლევითი ცენტრების, პორტუგალიაში არსებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
მიღების ფარგლებში ასევე გაიმართა ფოტოგამოფენა “Spectacular Georgia” და საქართველოს შესახებ ვიდეო-რგოლის ჩვენება.
ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო. ქართველი მზარეულის, არჩილ შინჯიკაშვილის მიერ მიღებისთვის საგანგებოდ მომზადდა ქართული სამზარეულოს კერძები.