ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“ვინმეს დასასჯელად, რამის დასანგრევად არ ჩამოვსულვარ. შურისძიება ჩემი სტილი არ არის“ – სააკაშვილი

ვიყავი პრეზიდენტი, ვიყავი უკრაინის ყველაზე კორუმპირებული ოლქის გუბერნატორი, თუმცა არაფერი მიშოვია, სახელის გარდა, – განუცხადა უკრაინაში დაბრუნებულმა ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა ადამიანებს, რომლებიც აეროპორტში მის დასახვედრად მივიდნენ.

სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის ძალიან ემოციურია უკრაინის მიწაზე ფეხის დადგმა.

„დღეს მე ვარშავიდან კვლავ დავბრუნდი იმ აეროპორტში, საიდანაც გამაძევეს, რადგან სასამართლოს წინააღმდეგ ხმა ავიმაღლე“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინასთან მისი კავშირების შესახებაც ისაუბრა.

„დავბრუნდი უკრაინაში, სადაც ჩემი ცხოვრების 12 წელზე მეტი ვიცხოვრე, სადაც ვსწავლობდი, ვმსახურობდი შეიარაღებულ ძალებში, ვმონაწილეობდი ორ მაიდანში. დავბრუნდი ქვეყანაში, რომელიც მიყვარს. აქ ვინმეს დასასჯელად, რამის დასანგრევად არ ჩამოვსულვარ. შურისძიება ჩემი სტილი არ არის“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მას მიეცა შანსი, უკრაინის ახალ პრეზიდენტთან და მის ახალ გუნდთან ერთად უკრაინის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობის. როგორც მან აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ უკრაინა იქნება ევროპის ყველაზე წარმატებული ქვეყანა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. მჯერა, რომ უკრაინას ყველაფერი გამოუვა. დღეს მე სავსე ვარ ემოციებით. მადლობელი ვარ ყველა თქვენგანის, ვინც დღეს დამხვდა, ვინც გამაცილა ვარშავის აეროპორტიდან“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

“ამდენი წელი პოლიტიკოსი ვიყავი, მე ვიყავი პრეზიდენტი, ვიყავი უკრაინის ყველაზე კორუმპირებული ოლქის გუბერნატორი, თუმცა არაფერი მიშოვია, სახელის გარდა. ახლა კი თქვენთან ერთად მინდა, უკრაინაში გარღვევა მოვახდინოთ, რომ უკრაინა შეიცვალოს. თავად არანაირ არჩევნებზე არ წავალ, თუმცა, რა თქმა უნდა, ხელს შევუწყობ და ყველანაირად დავეხმარები უკრაინის პოლიტიკური კლასის სრულ განახლებაში, ბარიგების სრულ მოშორებაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მას უკრაინის პრეზიდენტთან რაიმე თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები არ გაუმართავს.

28 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევში დღეს ჩავიდა.

იტვირთბა....