ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლ.ა. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 26 ნოემბერს, ლ.ა., წარსულში ბიძასთან – გ.ა-სთან არსებული კონფლიქტის გამო, შურისძიების მიზნით, განზრახ მოკვლის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტაში მდებარე გ.ა-ს საცხოვრებელ სახლთან მივიდა და ჩაუსაფრდა. როდესაც ლ.ა.-მ ეზოში მყოფი გ.ა. შენიშნა, მიუახლოვდა მას და სანადირო თოფიდან დამიზნებით ორჯერ ესროლა. მიღებული ჭრილობების შედეგად გ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.
ლ.ა. იმავე დღეს, ბრალის აღიარებით პოლიციის განყოფილებაში მივიდა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ლ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.