ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

“დაე, კვლავ ჩემი ღირებულებები ჩემმა საქმეებმა გამოაჩინოს“ – აჭარის ყოფილი განათლების მინისტრი

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ინგა შამილიშვილი მისი თანამდებობიდან გადაყენებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ინგა შამილიშვილის თქმით, “რუსულ იარლიყზე” განმარტებას არ გააკეთებს, ვინაიდან ეს ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს.

“მეტრონომი” განცხადებას მისი Facebook-ის პირადი გვერდიდან უცვლელად გთავაზობთ:

“უკვე მეორე დღე მიიწურა, რაც ვცდილობ ჩემ თავს მომხდარი გავაანალიზო. ცხელ გულზე არაფერი დამიწერია, რამე რომ არ მეთქვა გადაჭარბებით. ემოციები არც ახლა დამცხრალა, მაგრამ დისტანცირებამ, თუნდაც მცირემ, შესაძლებლობა მომცა, მეტ-ნაკლები სიცხადით შემეხედა ყოველივესთვის. რომ გითხრათ, რამე სხვა კუთხით გამოჩნდა ან შეიცვალა-მეთქი, ტყუილი გამომივა. თანამდებობის დაკარგვა არაფერ შუაშია, მოვა დრო და ყველას და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ჩვენ მიერ ჩადენილი კარგი და ცუდი საქმეები ბუმერანგივით გვიბრუნდება უკან. ბრაზი კი არ მალაპარაკებს, უბრალოდ, სამყაროს ლოგიკაა ასეთი. მიუხედავად ამისა, ყველაფერს თავისი უკეთესი მხარეც აქვს. ამ ამბავმა ცხადად მაჩვენა, რამდენ ადამიანს შესტკივა ჩემზე გული. არ წყდება ტელეფონის ზარი, ვერ ავუდივარ წერილების კითხვას. თქვენი კეთილგანწყობის, გულშემატკივრობის, თანადგომის სიტყვები მმატებს მხნეობას და იმედით მავსებს. მადლობას გიხდით, ჩემო მეგობრებო, კოლეგებო, სტუდენტებო, ნათესავებო, ნაცნობ-უცნობებო, ამდენი თბილი სიტყვისთვის. ბედნიერებაა, რომ არსებობთ. გთხოვთ, მაპატიოთ თქვენ, ვისაც თავი კარგად ვერ დაგამახსოვრეთ, ნებით თუ უნებლიედ გული გატკინეთ, ვერ შეგისრულეთ დანაპირები, რადგან საამისო შესაძლებლობა არ აღმომაჩნდა, ახლა უკვე – აღარც დრო მაქვს. თუმცა, ამით არაფერი მთავრდება. სამომავლოდ, რა ასპარეზზეც არ უნდა აღმოვჩნდე, მწირი თუ დიდი რესურსებით, ძალას არ დავიშურებ ქვეყნისა და თქვენი მსახურებისთვის. დრო ყველაფერს მიუჩენს შესაფერ ადგილს. წყალნი წავლენ და წამოვლენ, ჩვენი კეთილი საქმეები კი დარჩება ნათელ მაგალითად იმ უმთავრესი ფასეულობების ერთგულებისა, რასაც ჩემი და თქვენი სამშობლოს ნათელი მომავალისთვის ზრუნვა, უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენა ჰქვია. რაც შეეხება ოპონენტთა დისკრედიტირების ყბადაღებულ და დღეს უკვე ლამის კლიშედ ქცეულ „ჩრდილოთუმეს“ იარლიყს, ამაზე კომენტარს არც კი გავაკეთებ. ან კი მტკიცებას რა ძალა აქვს? დაე, კვლავ ჩემი ღირებულებები ჩემმა საქმეებმა გამოაჩინოს“, – ნათქვამია ინგა შამილიშვილოს განცხადებაში.

იტვირთბა....