ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ჭიათურის მაღაროს თანამშრომლების გაფიცვის შემდეგ მიმდინარე პროცესებში სამინისტრო თავიდანვე ჩაერთო.
მისივე თქმით, გაფიცულმა მაღაროელებმა უარი განაცხადეს შრომითი დავების მედიატორის ჩართვაზე.
„ჯანდაცვის სამინისტრო თავიდანვეა ჩართული აღნიშნულ საკითხში. გარდა ხელფასის მატებისა, სხვა საკითხები ჩვენი უშუალო ვალდებულებაა. ჩვენ უკვე გავაკეთეთ შეფასება და კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ ეს საკითხები მოგვარდეს. რაც შეეხება ხელფასების მატებას, რაღაცნაირად იმის საშუალება უნდა შეიქმნას, რომ საქმიან და მოლაპარაკების რეჟიმში დასხდნენ ეს ადამიანები მაღაროების მენეჯმენტთან და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება შეძლონ.
მთავრობას არა მარტო ბერკეტი, არამედ ჯანდაცვის სამინისტროს ვალდებულებაც აქვს, ასეთ შემთხვევაში მიავლინოს შრომითი დავების მედიატორი. ჩვენ ეს ათეულობით გაგვიკეთებია ამ წლების განმავლობაში და 60%-ში წარმატებით სრულდებოდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სამწუხაროდ, გაფიცულებმა უარი განაცხადეს შრომითი დავების მედიატორის ჩართვაზე. ასეთ შემთხვევაში რჩება უშუალო მთავრობის ჩართულობა და რაღაცნაირად მედიატორობა მაღალ პოლიტიკურ დონეზე კომპანიას და გაფიცულებს შორის“,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, ჭიათურაში, მაღაროელები ორ კვირაზე მეტია, გაფიცულნი არიან.