თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლების დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მეორე კატეგორიის მძღოლები რეალურად „ლეიბორისტული პარტიის”, „ნაციონალური მოძრაობის”და „ევროპული საქართველოს” წევრებს წარმოადგენენ და არ აქვთ საერთო იმ ტაქსის მძღოლებთან, რომლებთანაც თბილისის მერია მოლაპარაკებებს მართავს.
„არსებობენ რეალური ტაქსის მძღოლები, რომელთაც შექმნილი აქვთ საინიციატივო ჯგუფი და ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ მათთან, მთელი რიგი ცვლილებები განვახორციელეთ მათი მოთხოვნით.
ამავდროულად, არსებობენ მეორე – ე.წ. ტაქსის მძღოლები, რომლებიც არიან კონკრეტული პარტიების წევრები; ეს არის „ლეიბორისტული პარტია”, „ნაციონალური მოძრაობა”, „ევროპული საქართველო”. მათი განცხადებები ჩემთვის საინტერესო არ არის იმიტომ, რომ ის ატარებს პოლიტიკურ შინაარსს.
რაც შეეხება რეალურად ტაქსის მძღოლებს, მათთან მიმართებაში მთელი რიგი დათმობები განვახორციელეთ. მათ შორის, ის რომ მარჯვენა საჭიანებს 2021 წლამდე მივეცით შესაძლებლობა „ბე” (B) კატეგორიაში გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ასევე, გადაღებვასთან დაკავშირებით იყო პრობლემები. აქაც შემოვიღეთ ფირის გადაკვრის შესაძლებლობა და უკვე ასამდე მძღოლმა ისარგებლა ამ სერვისით.
გარდა ამისა, ვინც ათ ოქტომბრამდე ვერ მოასწრო დარეგისტრირება და შემდეგ არის დარეგისტრირებული მათაც მივეცით შესაძლებლობა, მიეღოთ ვაუჩერები.
ასევე, პირველი იანვრის შემდეგ დარეგისტრირებულებსაც, ვისაც 15 წელზე ახალი ავტომობილი ჰყავს, მათაც აქვთ შესაძლებლობა, ისარგებლონ როგორც გადაკვრის და შეღებვის ვაუჩერით, ასევე ქიმწმენდის ვაუჩერითაც.
შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 95% ვისაც ლიცენზია ჰქონდა, ყველა მოიცვა, რაც მნიშვნელოვანია, რათა მიიღონ აღნიშნული ვაუჩერები”, – განაცხადა კახა კალაძემ.
დღეს ტაქსის მძღოლებმა აქცია გამართეს და მათი მოთხოვნები აპოლიტიკურია და ემიჯნებიან ყველანაირ პოლიტიკურ მოწოდებას.