ჩვენ, ინდივიდუალურობის თვალსაზრისით, ამ მოწვევის პარლამენტში ძალიან შეზღუდულები ვიყავით. იყო საკითხები, რომლებზეც გეუბნებიან, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ პოზიცია, მაგრამ ვინ გადაწყვიტა, სად ჩატარდა კენჭისყრა, როდის გადაწყვიტა პარტიამ არ ვიცით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
“როდესაც ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით განვაცხადე, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყნად ყოფნაზე გვაქვს პრეტენზია და აქ საუბარი არ უნდა იყოს მარიხუანას კულტივაციაზე, მივიღე პასუხი, რომ პოლიტიკოსი ამ ტერმინებით არ უნდა ლაპარაკობდეს“ – აღნიშნავს ფოფხაძე და პარლამენტში არსებულ ისეთ პრობლემებზე საუბრობს, როგორიცაა ინდივიდუალიზმი და აზრთა სხვადასხვაობის შეზღუდულობა.
“მე ბოლომდე ვერ გავიგე და თუ ვინმეს აქვს ნათელი წარმოდგენა, ესეც შეიძლება იყოს პარტიის პოზიცია იმის მერე, რაც საპატრიარქომ გამოაცხადა პროტესტი და ამის გათვალისწინებით დასრულდა ეს თემა. ვიყავით საპატრიარქოს მიერ მოწყობილ კონფერენციაზე, სადაც შსს-ს წარმომადგენელიც გამოვიდა სიტყვით და ხელისუფლების პოზიციაც ძალიან არამყარი იყო და არა – ცალსახა“, – განაცხადა ფოფხაძემ.
როგორც ფოფხაძე ამბობს, აღნიშნულთან დაკავშირებით ადამიანი ან საპატრიარქოს პოზიციას უნდა მიემხროს, ან ნებისმიერ ფასად სარგებლის მიღების პოზიციას.
„აქ ყველაზე სწორია, რომ ან ხარ საპატრიარქოს მოკავშირე და აღიარებ ისტორიულ და ტრადიციულ ღირებულებებს, ან გიკავია პოზიცია – სარგებელი ნებისმიერ ფასად. თუ ეს უკანასკნელია, მაშინ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაზე საუბარი უკვე ცინიზმია. თუ შენი ამოცანაა, მოაწონო თავი საპატრიარქოს და ითამაშო, ამას ფარისევლობა ჰქვია. არ მინდა, ბრალად წავუყენო ვინმეს, რომ ფარისეველია, მაგრამ 12 მაისის ზეიმს უმრავლესობა რაღაც დონეზე მაინც იყენებს პოლიტიკური მანიპულაციების საგნად. თუ შენ საზოგადოებრივ მაუწყებელში ადამიანს ნიშნავ იმის მიუხედავად, რომ ის პატრიარქის შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებს და მერე ამბობ, რომ შენთვის პატრიარქი ღირებულია, ესეც ფარისევლობაა“, – აღნიშნა ფოფხაძემ გადაცემაში „360 გრადუსი“.