დღეს, დედა ენის კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომა გაიმართა. სხდომის თავმჯდომარე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილი იყო.
“მიხეილ ბატიაშვილმა კომისიის წევრებს მადლობა გადაუხადა აქტიური ჩართულობისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე დედა ენის მიმართ საზოგადოებაში არნახული მოლოდინი არსებობს. ამიტომ, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ახალი სახელმძღვანელო ერთის მხრივ ეფუძნებოდეს იმ ეროვნულ და კულტურულ საფუძველს, რასაც გოგებაშვილის დედა ენა ჰქვია, მეორეს მხრივ კი, ითვალისწინებდეს სწავლების მიმართ თანამედროვე მიდგომებს.
სწორედ ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თავჯდომარეობით შექმნილია სპეციალიზებული კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და დეპუტატი ზაზა გაბუნია, აკადემიკოსები ავთანდილ არაბული და მზექალა შანიძე, პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, მხატვარი მანანა მორჩილაძე, იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე დეკანოზი კონსტანტინე (კახა) გიორგაძე და პედაგოგი მარინე გოგავა” – აცხადებენ სამინისტროში.
უწყების ინფორმაციითვე, შემუშავდება ახალი სახელმძღვანელო, რომელიც გრიფის მინიჭების შემდეგ სხვა ალტერნატიულ გრიფირებულ სახელმძღვანელოებთან ერთად სკოლებს ასარჩევად წარედგინება.