ახალი ამბები

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მხარდამჭერი აქტი მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აშშ-ი განაგრძობს საქართველოში დემოკრატიული ღირებულების განვითარების მხარდაჭერას.

„აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოში თავისუფალ და სამართლიანი არჩევნებს, საჯარო სექტორის გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას, კანონის უზენაესობასა და ანტიკორუფციული ძალისხმევის მხარდაჭერას“, – ნათქვამია რეზოლუციაში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.

საქართველოს მხარდამჭერ აქტში დაფიქსირებულია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაც.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას, თავისუფლად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და გააკეთოს დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი საგარეო და უსაფრთხების პოლიტიკაზე, მათ შორის განსაზღვრონ მათი ქვეყნის ურთიერთობა სხვა ერებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ისე, რომ ამ პროცესში სხვა ქვეყნების მხრიდან ყოველგვარი ჩარევისა და დაშინების გარეშე. აშშ-ი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის კურსს“, – წერია დოკუმენტში.

დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ აშშ არ აღიარებს ძალით განხორციელებულ ტერიტორიულ ცვლილებებს, მათ შორის საქართველოს რეგიონებში აფხაზეთსა და ცხინვალში შეჭრასა და მათ ოკუპაციას რუსეთის ფედერაციის მიერ.

„აშშ-ი გმობს მიმდინარე დაკავებებს, გატაცებებსა და ადამიანის უფლებების სხვა დარღვევებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, რომლებიც ძალისმიერადაა ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის ბოლო დროს მომხდარ მკვლელობებს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში ყურადღება ეთმობა აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. აქტის პროექტი ნათქვამია, რომ აშშ-მა 2018 წელს საქართველოს 2,2 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის მხარდაჭერა აღმოუჩინა. დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის მხრიდან საქართველოს ფინანსური დახმარება უნდა გაიზარდოს.

საქართველოს მხარდამჭერი აქტის საბოლოო დამტკიცებიდან 180 დღის შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან კონსულტაციების საფუძველზე წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს უნდა წარუდგინოს ანგარიში, სადაც მიმოხილული იქნება უსაფრთხოების სფეროში საქართველოსადმი აშშ-ის დახმარება.

ამას გარდა, კონგრესმენები საჭიროდ მიიჩნევენ, აშშ დაეხმაროს საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებაში. დოკუმენტში საუბარია ასევე რუსული დეზინფორმაციისთვის წინააღმდეგობის გაწევის აუცილებლობაზე.

„საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიული ინსტიტუტების შელახვისკენ მიმართული რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება და პრესის თავისუფლების მხარდაჭერა უნდა იყოს აშშ-ის პოლიტიკა“, – აღნიშნულია აქტში.

აქტი ინიცირებულია საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეების, ჯერი კონოლისა და ადამ კინზინგერის მიერ.

იტვირთბა....