ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპენსიო ასაკის მასწავლებლებს საგამოცდო რეგისტრაციის გაუქმება და მასწავლებლის ჯილდოს მიღება სურთ

შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, საპენსიო ასაკის მასწავლებლები უკვე გავლილი საგამოცდო რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვენ.

ამასთანავე, ისინი მასწავლებლის ჯილდოს მიღების სურვილს გამოთქვამენ.

„რეგისტრაციის გავლის მიუხედავად, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს აქვთ არჩევანი. გამოცდაზე დარეგისტრირება არის ნებაყოფლობითი, მათ შეუძლიათ ჯილდო მოითხოვონ 2 წლის ხელფასის ოდენობით, მათი ღვაწლისა და დამსახურების გამო, ან გავიდნენ გამოცდაზე და დაადასტურონ მინიმალური კომპეტენცია. მათ ასევე შეუძლიათ ჯილდოს მოთხოვნა გამოცდაზე გასვლის და შედეგების გაგების შემდეგ.

ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა ზარები ცხელ ხაზზე საპენსიო ასაკის მასწავლებლებისგან იმის თაობაზე, რომ რეგისტრაციის შემდეგ გადაიფიქრეს და სურთ რეგისტრაციის გაუქმება, რადგან ჯილდოს მიღების სურვილი გამოხატეს და აღარ უნდათ გამოცდაზე გასვლა. სამწუხაროდ, მარტივი სატელეფონო ზარის საშუალებით ჩვენ ვერ ვახერხებთ რეგისტრაციის გაუქმებას, ამიტომ ვთხოვთ მათ, რომ თუ უნდათ რეგისტრაციის გაუქმება, ვებგვერდზე დევს მარტივი განაცხადის ფორმა, შეავსონ და მიაწოდონ რესურსცენტრს, საიდანაც ფორმას ჩვენ მივიღებთ და გავაუქმებთ რეგისტრაციას“, – განაცხადა გორგოძემ.

როგორც გორგოძე აღნიშნავს, ხვალ, 18:00 საათამდე რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, მასწავლებლობის მსურველებს გამოცდის საფასური, 50 ლარი უკან დაუბრუნდებათ. ამასთან, ცენტრის ინფორმაციით, პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის გამოცდა უფასოა.

მასწავლებელთა გამოცდა ივლისის პირველ ნახევარში ჩატარდება და თარიღები მოგვიანებით გამოქვეყნდება. საკითხებში ცვლილებები არ შესულა.

იტვირთბა....